შსს-მ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მსვლელობისას მოპოვებული მისი გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე წაიკითხა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალებს, რომელიც გამოძიების მსვლელობისას ამ ეტაპზეა მოპოვებული.
გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით. „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 საათზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს.
15:31 საათზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 საათზე.
აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 საათზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 საათზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში.
მისი დაბრუნების კადრები, ასევე ასახულია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ გარე ვიდეო-სამეთვალყურეო მოწყობილობებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს. გრძელდება ყველა იმ პირის გამოკითხვა და იმ ტექნიკური საშუალებების დათვალიერება, რომელიც შესაძლოა გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას ინახავდეს.
მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე.