ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: 2019 წლის 19-20 ივნისიდან დღემდე საქართველო მუდმივი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის რეჟიმში ცხოვრობს.
უკვე ორ წელზე მეტია ეს ანომალური, სიგიჟის ზღვრამდე მისული ანტისახელმწიფოებრივი ისტერიკა გრძელდება, ერთ ტალღას მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ასე შემდეგ, უსასრულოდ.
იცვლება მოტივები - ხან გავრილოვის ღამე ჰქვია ამ მოტივს, ხან - არჩევნების გაყალბება, ხან - ბოიკოტი, ხან - პრაიდი, თუმცა საერთო თემა ერთია და უცვლელი - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.
ორი წელია, ქვეყანა ამ ტურბულენტურ მდგომარეობაშია და მიუხედავად დიდი მცდელობებისა, ვერა და ვერ ვახერხებთ, წონასწორობა აღვადგინოთ.
ცალკე კოვიდი გვიტევს, ცალკე - კოვიდზე უარესი კოვიდი, შინნაბადი, ადგილობრივი წარმოშობის კოვიდი, ეროვნული ჭირი და სახადი - „ნაცმოძრაობა“, თავისი მუტანტური წარმონაქმნებით და ახალ-ახალი შტამებით.
ძალიან ბევრი სუბიექტი მონაწილეობს ამ ორ წელიწადზე გაჭიმული გადატრიალების მცდელობაში - პოლიტიკური პარტიები, მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენიმე ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტგამოცემა, ე. წ. სამოქალაქო აქტივისტების რამდენიმე დაჯგუფება, რომლებიც მიზანმიმართულად, შეთანხმებულად, სინქრონში მუშაობენ დაძაბული ატმოსფეროს შესაქმნელად, მოსახლეობაში ნიჰილიზმისა და უიმედო განწყობის დასამკვიდრებლად.
ამ ორწლიანი მონაკვეთის ანალიზი და მასზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ პროცესები კარგა ხანია, გასცდა დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ოპონირების ჩარჩოებს და მკვეთრად გამოხატული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ხასიათი მიიღო, რომელმაც დროის ამ მცირე მონაკვეთში `ქართული ოცნებისთვის~ საკმაოდ მტკივნებული შედეგები მოიტანა - პარლამენტის თავმჯრომარის, კობახიძის, პარლამენტის მეორე თავმჯდომარის, თალაკვაძის, ცესკო-ს თავმჯდომარის, ჟვანიას, გადადგომა, პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომა (თუ გაქცევა) და ა. შ.
ყოველივე ეს, ცხადია, სერიოზულად არყევს ხელისუფლების პოზიციებს და არ აძლევს მას საშუალებას, ძალების კონცენტრაცია მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად, საგარეო პოლიტიკაში არსებული სირთულეების გადასალახავად.
რაც დღეს ხდება, რაღაცით ჰგავს ჩიტი-ჩიორას და მოძალადე მელიას ამბავს.
- ჩიტო-ჩიტო, ჩიორაო!
- რაო, ბატონო მელაო?
- ერთი ბარტყი გადმომიგდე,
თორემ შავ დღეს დაგაყენებ -
ცულს მოვიტან, ცუნცულასა,
ხელეჩოს და წალდუნასა.
ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,
შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა.
როგორც ვთქვით, ერთი „ბარტყი“ გადაუგდო ხელისუფლებამ გაწუწკებულ მელია-ოპოზიციას, მეორეც გადაუგდო, მესამეც, მეოთხეც, ახლა ღარიბაშვილი გადმომიგდეთ და გომელაურიც ზედ მიაყოლეთ, თორემო, იმუქრება მადაზე მოსული გათავხედებული „მელია“ და თუ ეს სურვილიც შეუსრულეს, მერე ხელისუფლების გადმოგდება-გადმობარებასაც მოითხოვს აუცილებლად.
თუ კვლავ გაგრძელდა მსხვერპლშეწირვის სერია და ამჯერად ღარიბაშვილის თავიც თუ დაუთმეს მოძალადეებს, ეს „ქართული ოცნების“ ავტორიტეტს ქართველი ხალხის წინაშე საბოლოოდ დაამსხვრევს და, ფაქტობრივად, ამით დამთავრდება „ქართული ოცნების“ მოღვაწეობის ისტორია პოლიტიკურ ასპარეზზე.
ზოგიერთების ულტიმატუმი უფრო შორს მიდის და არა მარტო ღარიბაშვილის, არამედ ივანიშვილისა და კათოლიკოს-პატრიარქის თავსაც მოითხოვენ და ივანიშვილი და კათოლიკოსი თუ შეეშვებიან საქართველოს, ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნებაო, გვიმტკიცებენ.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ხელისუფლებაც და მასთან ერთად ქართული სახელმწიფოც ალყაშია და მოალყეები „ციხე-სიმაგრეში“ გამაგრებულებს ულტიმატუმს უყენებენ: ჩვენს მოთხოვნებს თუ არ შეასრულებთ, ასე და ასე გიზამთო.
„მოალყეები“ ამას დემოკრატიას ეძახიან და, ჩვენდა გასაკვირად, ჩვენი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორებიც ალაგ-ალაგ ეთანხმებიან.
ბევრჯერ ითქვა, ბევრჯერ დაიწერა - ნუ აკეთებთ ამას, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო დასავლეთიდან, ნუ ამოუყვანთ ყელში ქართველ ხალხს ამ უმსგავსობას და ნუ ათქმევინებთ იმას, რისი თქმაც ქართველ ხალხს ძალიან არ უნდა თუ ამ მოძალადეებს აფარებთ ხელს, მაშინ არ გვინდა თქვენთან და თავი დაგვანებეთო.
არ იქნა შესმენილი ქართველი საზოგადოების ეს თხოვნა და გაფრთხილება და შედეგიც მივიღეთ: 5 ივლისს საქართველოს პარლამენტის წინ გამოფენილი ევროკავშირის დროშა 2-ჯერ ჩამოხსნეს, რომელიც, მართალია, მალევე აღმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა კუჭავამ, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს დროშა მესამედაც ჩამოხსნან, მერე კუჭავა მოვიდეს და ისევ აღმართოს, შემდეგ ფალავანდიშვილმა ჩამოხსნას, მერე კუჭავამ აღმართოს და ა. შ.
გაუგებარია, რატომ მივიყვანეთ საქმე აქამდე და რატომ ვაძალებთ ქართველ ხალს იმას, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია?
თბილისში ევროკავშირის დროშის ჩამოხსნამ მოსკოვში დიდი სიხარული და აღტაცება გამოიწვია და გასაგებია, რატომაც.
კი, მაგრამ, ლგბტ-პრაიდის ჩატარებას რომ გვაძალებთ, ამით რუსეთის საქმეს რომ აკეთებთ და იძულების წესით რუსეთისკენ რომ მიგვერეკებით, ამას ვერ ხვდებით თქვენ, პატივცემულო მეგობრებო, დასავლეთიდან?
თუ გინდათ, კიდევ უვრო მიუახლოვდეთ ევროპას, საქართველომ პრაიდის ჩატარებას ხელი არ უნდა შეუშალოსო, - გვმოძღვრავდნენ მავანნი და მავანნი პრაიდის კვირეულის დაწყების წინ და კიდევ უფრო აღიზიანებდნენ ისედაც უკიდურესად გაღიზიანებულ ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც კონტრ-აქციით იმუქრებოდნენ და უკან დახევას არ აპირებდნენ.
რუსთაველის პროსპექტზე პრაიდის ჩატარება, როგორც ამას პრაიდის ორგანიზატორები აანონსებდნენ, აუცილებლად დამთავრდებოდა პრაიდის მონაწილეებსა და მის მოწინაღმდეგე რადიკალურ დაჯგუფებებს შორის შეჯახებით, რაც, დიდი ალბათობით, უმძიმესი ტრაგედიით დამთავრდებოდა.
სწორედ ეს ტრაგედია აღკვეთა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი მტკიცე პოზიციით, რომ პრაიდი რუსთაველის პროსპექტზე არ უნდა ჩატარებულიყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა, შესანიშნავად იცოდა, რა რეაქცია შეიძლება მოჰყოლოდა მის ამ განცხადებას ევროკავშირისგან, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოებისგან.
მან იცოდა, რომ ეს განცხადება მას შეიძლებოდა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკარგვად დასჯდომოდა, მაგრამ ის მოიქცა, როგორც ნამდვილი პატრიოტი, როგორც ნამდვილი მამულიშვილი, რომელმაც გვერდზე გადადო თავისი პირადი ინტერესები, გვერდზე გადადო კარიერაზე ფიქრი და ყველაფერზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები დააყენა.
რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მოიმოქმედა, ქვეყნისთვის თავგანწირვის და თავდადების მაგალითია, ამიტომ, თუ საჭირო გახდება, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და საქართველომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას.