შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 1 პირი, 1992 წელს დაბადებული დ.კ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა - დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის „ა“ და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის - 5 ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.