logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლე უნდა დადგინდეს, დარწმუნებული ვარ, შსს მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს ამ პროცესს
- +

12 ივლისი. 2021. 11:16

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებისას, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, აუცილებელია, სიმართლე დადგინდეს. ოხანაშვილი დარწმუნებულია, რომ შსს მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს გამოძიების პროცესს.

 

„მსურს, გამოვეხმაურო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს და მივუსამძიმრო მის ოჯახს ახლობლებს, მედიის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი მოქალაქე ჩვენთვის ყველასთვის ძვირფასია.

 

მეორე საკითხი რაც მინდა, ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიულად განახორციელოს ყველა ღონისძიება რაც მის ხელთ არის. თქვენ და ჩვენი საზოგადოება აკვირდება, რომ მაქსიმალური სისწრაფით მიმდინარეობს ყველა ის საგამოძიებო ღონისძიება, რომელიც აუცილებელია, რომ დადგინდეს რეალური გარდაცვალების ფაქტი. ჩვენ ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუ დააკვირდებოდით, მაქსიმალურად „ქართული ოცნების“ ყველა წევრი იკავებდა თავს და ჩვენ არ გამოვჩენილვართ მედიასთან, რომ არ ყოფილიყო რაიმე პოლიტიკური მომენტების წინ წამოწევა. სწორედ ლექსოს ოჯახის და ამ ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით ჩვენ მიზანმიმართულად თავი შევიკავეთ რაიმე ტიპის კომენტარებისგან, ვინაიდან ყველას ამოცანა უნდა იყოს სიმართლის დადგენა და თუ ვინმეს არ სურს სიმართლის დადგენა, ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რაც შეიძლება ვინმემ პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენოს.

 

თუკი სიმართლის დადგენა არ გსურს, როგორც ჩანს, გაქვს სხვა მიზნები. ეს არის უმძიმესი. არ მინდა ეს დავუშვა, მაგრამ თქვენ ადევნებდით თვალს, თუ რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, ადამიანის ბედით მანიპულირება და სპეკულირება. როგორ ცდილობენ. რომ დააკავშირონ ეს ყველაფერი პოლიტიკურ სარჩულთან, პოლიტიკასთან, ეს არის უმძიმესი რამ, თუმცა არიან ასეთი მავნე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ნადირობენ ადამიანების სიცოცხლეზე და სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ ამ ყველაფრის გამოყენებას. ეს არის უმძიმესი, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. უნდა დადგინდეს სიმართლე. დარწმუნებული ვარ, შსს მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს ამ პროცესს და ასეც მიმდინარეობს, თქვენ იცით, რომ მაქსიმალურად ღიაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, თანამშრომლობს ოჯახთან. იყო კონკრეტული შეთავაზებები ექსპერტის ჩართვასთან დაკავშირებით და ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაირკვეს და სიმართლე უნდა დადგინდეს. ვფიქრობ, აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერთან დაკავშირებით ობიექტური რეალობა გაიგოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

 

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner