„თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ვთქვათ პირდაპირ - ოპოზიციური ტელევიზიები: „მთავარი“, ტელეკომპანია „პირველი“, და „ფორმულა“ პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათ მიერ მოპარული ფინანსებით,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღნიშნული ტელევიზიებისა და „ნაციონალური მოძრაობის“, დღის წესრიგი აბსოლუტურად იდენტურია და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ „ჩამოაგდონ ხელისუფლება“.
„მათ აქვთ ერთი მიზანი, როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია - ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსვლის, არის არჩევნებში მონაწილეობა, მეგობრებო. არჩევნებში, კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე არჩევნებია აგებენ ყველა მათგანს, კიდევ ერთხელ მოუწევთ მათ წაგება და ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მოახლოვებულ არჩევნებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ლგბტ თემის მიერ „პრაიდის კვირეულის“ გამართვის საკითხს, პრემიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის 95% ეწინააღმდეგებოდა მარშის ჩატარებას და „ქართული ოცნება,“ როგორც „ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, იძულებული იყო, მათი ნებისთვის ანგარიში გაეწია“.
„ასევე, მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ, რატომ ვიყავით წინააღმდეგი აღნიშული ე.წ აღლუმის. ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტარდება. სხვა ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, ამისთვის არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს. მანამდე, სამი დღის განმავლობაში, აბსოლუტურად რაიმე შეფერხების გარეშე ისინი იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ „კვირეულს“, არავითარი შეფერხება, არავითარი აგრესია არ ყოფილა, პოლიციამ მოახდინა ყველაფრის პრევენცია, მაგრამ როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და ჩვენ, როგორც ხელისუფლება, რომელიც ვართ ხალხის მიერ არჩეული, ვართ იძულებული, რომ ამას ანგარიში გავუწიოთ. ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს, ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ საქართველოში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.