„პრემიერი, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგეს და არც გადადგება - ნუ წარმოვაჩენთ ისე, რომ თითქოს საქართველოა გამონაკლისი, სადაც ძალადობები ხდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
ამასთან, სოზარ სუბარი მედიას ურჩევს, ნაკლებად გააკეთონ პოლიტიკური განცხადებები.
„სისასტიკე, რაც მოხდა, არის ყოვლად დაუშვებელი იმის მიუხედავად, არის თუ არა ეს კავშირში გარდაცვალებასთან.
არა მხოლოდ ისინი, ვინც ლექსო ლაშქარავას ურტყამდნენ, არამედ, ყველა, ვინც ეს სისტიკე ჩაიდინა, ყველა აგებს პასუხს.
მედია თუ ნაკლებად პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს, ჩემი აზრით, უკეთესია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის უფლება გაქვთ. სანამ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ დადგინდება, წინასწარ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს გარდაცვალების მიზეზი, ეს არანაირად არ არბილებს იმ სისასტიკეს, რაც იყო ჩადენილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი და აგებენ კიდევაც.
რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, პრემიერი, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგეს და არც გადადგება. მოდით, ნუ გავაკეთებთ ისე, რომ თითქოს საქართველოა გამონაკლისი, სადაც ძალადობები ხდება. ჩვენ გვახსოვს ეს გაცილებით ძლიერ ქვეყნებში, რომელსაც გაცილებით ძლიერი სამართალდამცავი სისტემა აქვთ. პრემიერ - მინისტრის განცხადებაში, თუ მას ყურადღებით მოისმენთ, ვერ ნახავთ ვერაფერს ისეთს, რასაც თქვენ მას აბრალებთ, მან ზოგადად თქვა, რომ აუცილებელია პოლიციამ დაიცვას მოქალაქეების სიმშვიდე, სიწყნარე და თქვა ისიც, რომ თუ გვინდა სიმშვიდე იყოს, „პრაიდის" მონაწილეებს მოუწოდა თავი შეიკავონ აქციისგან, უშუალოდ ქუჩაში მსვლელობისგან. პოლიციამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ყველას უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული“, - განაცხადა სუბარმა.
ის ასევე გამოეხმაურა ექსპერტიზაზე ლექსო ლაშქარავას ცხედრის გადაყვანის საკითხს და აღნიშნა, რომ პოლიციამ იჩქარა, რადგან იქ ჟურნალისტები და გარკვეული ადამიანები არ მისულიყვნენ და არ დაწყებულიყო საუბარი იმაზე, რომ ექსპერტიზა არ უნდა ჩატარდეს.
„თუ ვსაუბრობთ თვითონ ფორმაზე, მეც არ მომეწონა და არავის მოეწონებოდა, მაგრამ მოწონებაზე ხომ არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია იმაზე, რომ კანონი უნდა აღსრულდეს. როგორც ჩანს პოლიციამ იჩქარა, ზუსტად იმიტომ, რომ მივარდებოდით ცოტა ხანში, შეიძლება მისულიყვნენ ადამიანები და იტყოდნენ, რომ არ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, ოჯახმა იცოდა, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, ექიმები არიან და ძალიან კარგად იცის კანონი ყველამ. ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, რომ 5-10 წლის მერე არ იყოს საუბარი, რომ გაურკვეველ ვითარებაში მოკვდა ადამიანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.