„მადლობა ღმერთს, რომ „ჭუტა“, ნოდარი და გვარამია არ არის მედია. გუშინდელი მიტინგის ორგანიზატორები არიან რადიკალური, ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, ამორალურია, როდესაც „ადამიანის გარდაცვალებაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა ხდება“.
„ამ დაჯგუფებაში შედის რამდენიმე პირი, ასევე „სირცხვილია“ და ის პოლიტიკური ძალები, რომელთა კოორდინაციითაც მოქმედებენ. მათი მიზანია დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს, ეკლესიას, მათ აქვთ ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი მიზნები. ჩვენ არამხოლოდ დავგმეთ 5 ივლისს განხორციელებული ძალადობა, არამედ დაკავებულია არაერთი პირი. გვახსოვს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემთხვევები წინა ხელისუფლების პერიოდში, მაგრამ რაც შეიცვალა ხელისუფლება, არც ერთი ფაქტი არ ყოფილა ჟურნალისტებზე ძალადობის. აბსოლუტურად არ იყო გათვლილი ის, რაც მოხდა. როდესაც 6 ივლისს იყო პროგნოზირებადი ძალადობა, ასეთ დროს პოლიციამ მარტივად მოახდინა ძალადობის პრევენცია, თუმცა 5 ივლისს ეს იყო შეუძლებელი. როდესაც ხდება ადამიანის გარდაცვალებაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, ეს არის ამორალური, ამას სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.