კახა კუჭავა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
„მე ძალიან კარგად მესმის ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის. ჩვენ დეპუტატები ვართ, ვხედავთ, თუ რამხელა სიყვარული და მეგობრობაა მათ შორის და რამდენად ტრაგიკულ მდგომარეობაშია ფაქტობრივად ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო, თავიანთი მეგობრის დაღუპვით. მე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ მათ მწუხარებას, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, მეგობრების მწუხარებას და ვუსამძიმრებ მათ. ეს არის ის სამწუხარო ამბავი, რომელმაც აღაშფოთა ყველა.
მათ შორის პარლამენტსაც მოუწევს აქტიურად ჩაერთოს იმაში, რომ რეალურად დადგინდეს ყველა მიზეზი. არ არის საუბარი მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, საუბარია ექსპერტიზაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს. აუცილებელია, ჩაერთოს ყველა საერთაშორისო ექსპერტიც, თუ ამის საჭიროება იქნება და როგორც ვხედავთ, ამის საჭიროება იქნება იმისთვის, რომ ნდობა იყოს რეალური, შედეგები გახდეს ცნობილი ყველასთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც უმრავლესობამ, ასევე, ოპოზიციამ ყველა ის ბერკეტი გამოიყენოს პარლამენტში, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მივადევნოთ თვალყური, რომ დადგინდეს სიმართლე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტი ერთია, რომ არ უნდა გაჩნდეს არანაირი კითხვის ნიშანი, არ უნდა დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი, რომლებიც დღეს არსებობს და ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს.
ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება იმ მოვლენების, რომლებიც 5 ივლისს დაიწყო, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და ვახსენეთ კიდეც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სამწუხაროდ, ბევრჯერ მოგვიწევს გამეორება, იმ შავი ლაქისა, რომელიც ჩვენს ისტორიას დარჩა 5 ივლისის სახით, რაც ჩვენ ვიხილეთ - ძალადობა ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე - ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებდნენ და ჯგუფურად მოხდა მათზე ძალადობა. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველაფერი არის კამერაზე ასახული, ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას. აუცილებელია, რომ ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება და მათი მკაცრად დასჯა მოხდეს, რომ მსგავსი რამ მეორედ აღარც მოუვიდეს თავში აზრად არავის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს. ერი, ბერი - ყველა თანასწორია კანონის წინაშე. ჩვენ, სამწუხაროდ, ვისმენდით წახალისებებსაც კი ძალადობაზე, რომელიც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებების საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება და პასუხების გაცემა, არამედ პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმალური უნდა გაკეთდეს და ამის სრული ბერკეტები გაგვაჩნია ყველას, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა კუჭავამ.