„გარდაცვალების მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ეს ცემას არ ამართლებს და ის ადამიანები რომლებმაც ეს სისასტიკე გამოიჩინეს დაისჯებიან, მაგრამ ასე პირდაპირ ვთქვათ, რომ რაც არ უნდა გამოვლინდეს გარდაცვალების მიზეზად, მაინც დავაბრალოთ ამ ძალადობას, ესეც არ არის სწორი,“ – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედის კვირაში“.
მისი თქმით, ასეთ დროს განსაკუთრებული თავშეკავება გვმართებს შეფასებებში.
„გარდაცვალების მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ეს ცემას არ ამართლებს და ის ადამიანები რომლებმაც ეს სისასტიკე გამოიჩინეს დაისჯებიან, 4 ადამიანია პასუხისგებაში მიცემული. როგორც ჟურნალისტმა თქვა, მინიმუმ 9 ადამიანი იყო და თუ ასეა, მათი იდენტიფიცირებაც უნდა მოხდეს და უნდა აგონ პასუხი, მაგრამ ასე პირდაპირ ვთქვათ, რომ რაც არ უნდა გამოვლინდეს გარდაცვალების მიზეზად, მაინც დავაბრალოთ ამ ძალადობას, ესეც არ არის სწორი. ამიტომ, ასეთ დროს განსაკუთრებული თავშეკავება გვმართებს შეფასებებში, თუმცა, კარგად მესმის, რომ ემოციის მოთოკვა ძალიან ძნელია და აქ არ არსებობს პოლიტიკური მხარე. აქ ყველანი ერთიანები ვართ, როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ორ აქციას შორის შეტაკება არ მომხდარიყო, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჟურნალისტებს, რომლებიც სადღაც გასაყვანი კი არ იყვნენ, იქ იყვნენ და იღებდნენ ამ ყველაფერს, მათზე მოხდებოდა თავდასხმა. ეს იყო სრული მოულოდნელობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, ჩართულია ოჯახის ექსპერტი, შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ მზად არის, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ექსპერტიზა, რომელსაც ოჯახი იტყვის, ის ჩართოს.
ამასთან, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს – შეერთებულ შტატებს თვეები დაჭირდა, რომ ძალადობა აღეკვეთა, მაშინ როდესაც ჩვენთან პოლიციამ შეძლო რამდენიმე საათში სრულად მოეხდინა ამ ძალადობის ლოკალიზება.
„კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც იყო ამ დღეებში ზოგადად ხელისუფლების და კონკრეტულად პოლიციის და შსს-ს მიმართ, რატომ ვერ მოახერხეს დროულად აღეკვეთათ ეს ძალადობა, ეს ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ყველაფერს ვერ ახერხებს პირველ წუთებში სახელმწიფო. რამდენიმე საათში მოხდა ძალადობის ლოკალიზება, მაშინ როცა ჩვენ გვახსოვს, შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვე გრძელდებოდა ძალადობების აქციები, რომლის დროსაც 20-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ასეულობით პოლიციის, მერიის, შტატის გუბერნატორების შენობები დაარბიეს და დაანგრიეს, აღარაფერს ვამბობ რამდენი მაღაზია დაიწვა, ათმა ადამიანმა მთლიანად დაკარგა მხედველობა, 30-მდე ნაწილობრივ და სხვა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.