„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რუსეთის ინტერესებშია“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
რატი ბრეგაძის შეფასებით, საქართველო ძალიან ახლოსაა NATO-სთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორც ახლა.
„2024 წელს საქართველო ემზადება ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად. ვის ინტერესებში შეიძლება იყოს საქართველოს წარმოჩენა იმგვარად, თითქოს აქ არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა, ასეთი შეტევის განხორციელება საპატრიარქოზე. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს არაკეთილმოსურნის, რუსეთის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, ბევრ რამეზე შეიძლება ვიმსჯელოთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა იმ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს საქართველოს ევროპული მომავლის რეალიზაციაში აქვს.
„სახელმწიფო არ არის მხოლოდ ხელისუფლების შტოები, სახელმწიფო ვართ თითოეული ჩვენგანი, მათ შორის აქციის მონაწილეებიც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ მათგანს გულწრფელად უნდა, საქართველო იხილოს ევროკავშირში და დასავლურ ცივილიზაციაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, რომ სახელმწიფოს მართვა არის კომპრომისის ხელოვნება და ჩვენ მხოლოდ ერთობით, სოლიდარობით და ერთმანეთის გატანით შევძლებთ იმ ისტორიული მიზნის განხორციელებას, რომლისკენაც მრავალი საუკუნის მანძილზე მივდივართ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.