საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ტყის ფონდის ნაყოფიერი მიწის ფენის მოხსნის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 15 000 ლარი, საიდანაც პირველ ეტაპზე გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.