„მოგვწონს თუ არა ჩვენ, ესაა რეალობა და საქართველო დგას ამ ეკლესიაზე“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიყვანა საქართველო დღევანდელ დღემდე.
„ძალიან დიდ მტრობას სჩადის ყველა ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან თავში ხელისწამოკვრით ლაპარაკი შეიძლება. როდესაც მთავრობა, მეფობა არ იყო და საერო ხელისუფლება იყო დაპყრობილი და ქართველი უცხოელის უღლის ქვეშ გმინავდა, სწორედ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიტანა ეს ქვეყანა აქამდე. მოგვწონს თუ არა ჩვენ ეს, ესაა რეალობა და საქართველო დგას ამ ეკლესიაზე. შესაბამისად, აბსოლუტური შეუწყნარებლობა მაქვს ისეთი ზედაპირული განცხადებებისადმი, როგორებიცაა: „ილია მეორე ციხეში!“, „ეკლესია ბნელია!“ და ა.შ. მოდით, ყველამ თავის რადიკალიზმსა და სიბნელეს მოუაროს და ჩვენ, ყველამ ერთად, ერთმანეთს მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ და, პოლიტიკოსები იქნებიან თუ მედიის წარმომადგენლები, შევწყვიტოთ მოსახლეობის განზრახ განერვიულება. მათ დიდი წვლილი აქვთ ფსიქოზის შექმნაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.