სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახში იმყოფებოდა, მან პატრიარქის სახელით ჭირისუფლებს მიუსამძიმრა.
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას პატრიარქთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა, თუმცა, ეს შეხვედრა ვერ შედგა. როგორც არქიმანდრიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქი უახლოეს მომავალში გარდაცვლილი ოპერატორის დედას შეხვდება.
რაც შეეხება სასულიერო პირებს, რომლებიც ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებაში მონაწილეობდნენ, იოანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, ისინი საპატრიარქოში დაიბარეს.
„ძალიან სამწუხაროა, ასეთი ახალგაზრდა ადამიანი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. ვიზიარებ კიდევ ერთხელ ამ ოჯახის მწუხარებას. მისმა უწმინდესობამ გამოთქვა ასეთი სურვილი, რომ ალექსანდრეს ჰქონდა ბოლო პერიოდში მასთან შეხვედრის დიდი სურვილი და ვერ შედგა სამწუხაროდ ეს და მის დედას აუცილებლად შეხვდება უახლოეს პერიოდში. სასულიერო პირები, ვისაც ექნება გადაცდომა, აუცილებლად, მე ვიცი, რომ იყო დაბარებული საპატრიარქოში და მოსთხოვეს მღვდელმთავრებმა ამ ყველაფერზე პასუხი. 2000 მღვდლიდან თუ 5 აშავებს, 1995-მა რა დავაშავეთ?!" - ამბობს არქიმანდრიტი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა იოანე (მჭედლიშვილი).