„ჩვენ ვიხილეთ არც მეტი, არც ნაკლები განუხორციელებელი, არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალება. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის „გეგმა ბ“, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ როგორმე ქვეყანა აეყირავებინათ და ხელში ჩაეგდოთ მართვის სადავეები, ამჯერად უკვე პარლამენტში განხორციელდა“, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მან გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ამ ტრაგედიით პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება ამორალურია.
„როგორი ზნედაცემული უნდა იყო ადამიანი, რომ პოლიტიკური ქულების ჩაწერის სანაცვლოდ გინდოდეს ადამიანის გარდაცვალებით ვაჭრობა. ეს არის უაღრესად სამარცხვინო. მე მათ ვუწოდე პოლიტიკური სვავები. ისინი ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები არიან. ადამიანურობასთან ახლოს არ არიან. მათთვის მთავარი არის როგორმე გამოიყენონ სიტუაცია და პოლიტიკური ქულების ჩასაწერად თუ ქვეყნის ასარევად შანსი არ გაუშვან ხელიდან. ეს არის უაღრესად სამარცხვინო“, - განაცხადა ღუდუშაურმა.