შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების წინა დღეს მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ ახალ ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროებს.
უწყების ინფორმაციით, მოპოვებული ვიდეო მასალებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან დგინდება, რომ ალექსანდრე ლაშქარავამ გარდაცვალების წინა დღეს მეგობართან ერთად ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალებები ჯერ შეიძინა, შემდეგ მოიხმარა, რის შედეგადაც ზედოზირების გამო ორჯერ გახდა ცუდად.
ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ გააკეთა და მედიას შესაბამისი ვიდეო მასალა წარუდგინა.
„ვასაჯაროვებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტს დეტალურად, რომელიც შედგენილია კერძო ობიექტებისა და 112-ის ზოგადი ხედის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად და დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, ამ ეტაპზე მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას შემდეგი: ალექსანდრე ლაშქარავა 15:28 წუთზე ფიქსირდება მისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე იოსელიანის ქუჩაზე, სადაც მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ მეგობართან ერთად ბახტრიონის ქუჩაზე 15:31 საათზე ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ერთჯერადი გამოყენების შპრიცებს. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. შემდეგ მეგობართან ერთად მიემართება ფონიჭალის დასახლებაში 16:31 წუთზე ფიქსირდება. ფონიჭალაში ორჯერ ჩადის. პირველად გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალისკენ, სადაც ფიქსირდება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ყიდულობს გარკვეულ პროდუქტებს. აღნიშნულის შემდეგ კვლავ მეგობართან ერთად ბრუნდებიან ფონიჭალის დასახლებაში. ჩადიან ცურტაველის ქუჩაზე 19:41 წუთზე, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნული მისამართიდან ბრუნდებიან ორთაჭალაში, გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
ჩვენებების მიხედვით ალექსანდრე ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკული საშუალებების გამო ხდება ცუდად და მისი მეგობარი ცდილობს დახმარებას. გარდა პირველი მცდელობისა, როდესაც ის თვითონ ცდილობს მოასულიეროს მეგობარი, ვერ ახერხებს ამას და მიმართავს იქვე არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ასახულია ვიდეო-მასალაზე, სადაც მისი მეგობარი ითხოვს პრეპარატ ნარკანს, რადგან მისი მეგობარი გამოიყვანოს ნარკოტიკების ზედოზირებისგან, რაც ასევე ასახულია და ვიდეო კადრებში ისმის ხმა. ის ვერ ახერხებს სამედიცინო დაწესებულებაში ლაშქარავს მიყვანას და თავად ბრუნდება მასთან, სადაც ცდილობს დაეხმაროს ზედოზირების გამო მის მეგობარს, რასაც ახერხებს, როგორც ჩვენებებით იკვეთება და მოჰყავს გონებაზე. შემდეგ ერთად, მოპედის საშუალებით 23:16 საათზე ბრუნდებიან „დედაენის ბაღში“, სადაც მისი მეგობარი კიდევ ერთხელ ხდება ცუდად. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება საცხოვრებელ სახლში - 00:10 წუთზე ჩანს გარე კამერებში როგორ ადის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით დილის 6:00 საათზე ოჯახის წევრები აკეთებენ შეტყობინებას სასწრაფოში, სასწრაფოს მისვლის დროს, სამწუხაროდ, ალექსნდრე ლაშქარავა გარდაცვლილი ხვდებათ, რის შემდეგაც იძახებენ პოლიციას“,- განაცხდა ჭელიძემ.
ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ერთი კვირის წინ, ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.
11 ივლისს, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ, გარდაცვლილის თავის ტვინში ვერ ნახეს ვერანაირი მასიური ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, სიკვდილი გამოეწვია.
იმავე დღეს, შსს-მ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.