აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეხმაურება, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიძულვილის ენით საუბარშია დადანაშაულებული და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები უტიფრობაა. როგორც ჯაველიძემ „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, პატრიარქზე ასეთი საუბარი ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა და არავის აქვს უფლება სხვა ქვეყნის რელიგიური გრძნობები შეურაცხყოს.
„როგორც ჩანს, ხელისუფლებისგან ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვება. ეს არის მსოფლიო პოლიტიკა, ე.წ. ევროპული პოლიტიკა, რომელიც მართლმადიდებლობას ებრძვის. ბუნებრივია, რომ ისინი უტევენ პატრიარქს, რომელიც ჩვენი სიწმინდის ბურჯია. ამგვარი განცხადება, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, არის უტიფრობა. არავის აქვს უფლება, სხვა ქვეყნების რელიგიური გრძნობები შეურაცხყოს. პატრიარქზე ასეთი საუბარი ჩვენი შეურაცხყოფაა. ხალხი კი ამ შეურაცხყოფას უკვე დიდი ხანია იტანს.
ჩვენი ხელისუფლება პრინციპულობას იჩენს მაშინ, როდესაც რაღაც უაზრო საგანი შემოაქვს განათლების გაუნათლებელ მინისტრს და გველაპარაკება პროფესიონალიზმზე, როცა არავითარი პროფესიული ღირსება მას არ გააჩნია. ახლა ამოიღონ არასამთავრობოებმა ხმა, როცა პატრიარქს შეურაცხყოფენ. პირიქით, ისინი ამას ტაშს დაუკრავენ", - განაცხადა ჯაველიძემ.