logo_geo
eng_logo
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
- +

21 ივლისი. 2016. 11:58


20 ივლისს, ქ. ვაშინგტონში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია, აშშ-ის მხრიდან კი - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბილ მონაჰანი და თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი. ამასთან, შეხვედრა გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.


შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის დროს ხელმოწერილი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების, ისე რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა თავდაცვის რეფორმის პროცესში ქართული მხარის მიერ მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიმართ. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალ პროგრამაზე, რომლის განხორციელებასაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მომავალი წლის დასაწყისში დაიწყებს.


ასევე, მხარეები მიესალმნენ NATO-ს ვარშავის სამიტზე დამატებითი პრაქტიკული თანამშრომლობის მხრივ მიღწეულ პროგრესს, გამოხატეს მზადყოფნა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისადმი და ხაზი გაუსვეს რეგიონში საქართველოს, როგორც განსაკუთრებული პარტნიორის როლს. ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ ავღანეთის NATO-ს ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და პატივი მიაგო საქართველოს მხრიდან დაღუპულ მეომრებს.


ქართულმა მხარემ სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლებს გააცნეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული ვითარება. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ხაზი გაუსვა ხურჩაში მომხდარი მკვლელობის დროული და საფუძვლიანი გამოძიების მნიშვნელობას. მხარეებმა აგრეთვე აღნიშნეს გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის როლი საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არსებული უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების საქმეში.


ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს აშშ-საქართველოს ურთიერთობები ისეთ სფეროებში, როგორებიც არის ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, საზღვრის დაცვა და საზღვაო უსაფრთხოება, ნარკოტიკებთან ბრძოლა, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირება და საჭიროებები, კრიზისების მართვა და სხვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner