„განიხილება საკითხი ე.წ. მწვანე სერტიფიკატებთან დაკავშირებით და მეც გამოვედი ამ ინიციატივით, რომ ყველა კონფერენციაზე ან შეკრებაზე დაშვებული იყვნენ ადამიანები, ვინც ორჯერადად აცრილი იქნებიან, ან ბოლო 72 საათში გატესტილი უარყოფითი ტესტით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, განიხილება ე.წ. უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების პრინციპი, რომ შემოდგომას უნივერსიტეტებში ყველა პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი იყოს ორჯერადად აცრილი, ასევე სკოლებში ყველა მასწავლებელი და მოსწავლე იყოს ორჯერადად აცრილი.
„სამედიცინო უნივერსიტეტი გამოვიდა ძალიან სერიოზული ინიციატივით და მინდა მხარი დავუჭირო, შემოდგომას სტუდენტები და სკოლები შეხვდნენ ე.წ. უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებში ყველა პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი იყოს ორჯერადად აცრილი, ასევე სკოლებში ყველა მასწავლებელი და მოსწავლე იყოს ორჯერადად აცრილი. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ მასწავლებელმა არ მიუტანოს ბავშვს, ან ბავშვმა არ გადასდოს მასწავლებელს ინფექცია. ასევე განიხილება საკითხი ე.წ. მწვანე სერტიფიკათებთან დაკავშირებით და გამოვედი ამ ინიციატივით, რომ ყველა კონფერენციაზე ან შეკრებაზე დაშვებულები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ორჯერადად აცრილი იქნებიან, ან ბოლო 72 საათში გატესტილი უარყოფითი ტესტით. ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხისმგებლობა, მაგრამ ძალით ამას ვერ გააკეთებთ, ეს უნდა იყოს თვითშეგნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.