logo_geo
eng_logo
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 101-ე შეხვედრა მიმდინარეობს
- +

13 ივლისი. 2021. 13:56

 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში 101-ე შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს.

 

ამასთან, მხარეები, წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტს განიხილავენ, რომელიც საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.

 

განიხილება უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებიც. უსაფრთხოების გარდა, საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება. შეხვედრა კოვიდ-19-ის გამო არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება. აღნიშნულ ფორმატს 3 თანათავმჯდომარე ჰყავს - გაერო, ეუთო და ევროკავშირი.

 

ბოლო შეხვედრა 15 ივნისს გაიმართა და მას ეუთოს გენერალურმა მდივანი, ჰელგა მარია შმიდიც ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ზაზა გახელაძის ოჯახმა, შესაძლოა, ცხინვალში ჩასვლა და მისი მონახულება შეძლოს.

 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

 

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner