„ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით რაღაც პოზიტიურის მოლოდინში ვართ“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ანდრია ჯაღმაიძე არ აკონკრეტებს ჟურნალისტებთან, თუ რას გულისხმობს „პოზიტიურ მოლოდინში“.
„მოლოდინში ვართ ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით. არსებობს რაღაც იმედები და დაველოდოთ, პროცესის დაძვრის მოლოდინში ვართ. წინასწარ ჯერ არ მინდა რაიმე ვთქვა. ვადებს ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც პოზიტიურის მოლოდინში ვართ. მე პირადად მის ოჯახთან კომუნიკაცია არ მაქვს",- აღნიშნავს დეკანოზი.
შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.