პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ამილახვარი, პარლამენტში და მის მიმდებარედ გუშინ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
კითხვაზე - რატომ არ შეხვდნენ უმრავლესობის წევრები მედიის წარმომადგენლებს, რომლის მოთხოვნაც ჟურნალისტებს ჰქონდათ და მათ კითხვების დასმა სურდათ, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს.
„ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, მათ შორის მიღებულია გადაწყვეტილება და ასეთ კრიტიკულ ტელევიზიებშიც უკვე დავდივართ დებატებში. მათ რომ უნდოდათ გარკვეული კითხვების დასმა, ამისთვის საჭიროა ჯერ პარტიის ოფისთან პირდაპირი ძალადობა პოლიციელებზე? „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პირდაპირ, შებოჭვის პრინციპით, შებოჭეს ჩვენი მანდატურები, რადგან ტელევიზიის დირექტორი შტურმით შემოეპარებინათ სასესიო დარბაზში, იქ, სადაც უცხო ადამიანების ადგილი არ არის.
ჩვენ არასდროს უარი არ გვითქვამს კონსტრუქციულ შეხვედრაზე, სადაც შესაძლებელია იყოს საღი აზრი, თუმდაც მწვავე კითხვები და მათზე პასუხების მოსმენა. მაგრამ, როდესაც მოდის ასეთი ნიაღვარი და ჟურნალისტები გადიან ყველა სტანდარტს გარეთ და იქცევიან პოლიტიკოსებად, უკაცრავად, ეს უკვე აღარ არის ჟურნალისტიკა, ეს არის პირდაპირ პარტიული პროპაგანდა გაჟღერებული ამ ტელევიზიებისგან, შესაბამისად, ის შტურმი პირდაპირი გაგებით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ ტელევიზიის წარმომადგენლების მხრიდან და განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ეს იყო კიდევ ერთი მიტანილი შტურმი კონსტიტუციურ ორგანოზე, პარლამენტზე, რათა მოერყიათ მისი მუშაობა და ჩაეშალათ პროცესი, რაც, ცხადია, არ გამოუვიდათ“, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.