logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება საქართველოს თავდაცვის ძალების აქტიური ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია
- +

13 ივლისი. 2021. 18:17

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, საერთაშორისო მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ საკომიტეტო მოსმენა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება თავდაცვის ძალებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და კომიტეტს დაგეგმილი ჰქონდა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართული დანაყოფების საქმიანობას ადგილზე გაცნობოდა.

 

პარლამენტის ინფორმაციით, ვინაიდან, მისია დასრულდა, გადაწყდა, რომ თავდაცვის ძალების საერთაშორისო მისიებში, განსაკუთრებით NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის, შესრულებული ამოცანების და მიღწეული მიზნების შესახებ, საკომიტეტო სხდომის ფარგლებში ინფორმაცია მოესმინათ.

 

„გარდა მაღალი საბრძოლო მზადყოფნისა და NATO-ს თან თავსებადობისა, ჩვენი თავდაცვის ძალები გამოირჩევა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომლის მკაფიო დადასტურებაც ქართველი სამხედროების უდიდესი, ფასდაუდებელი წვლილია საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, იმ საფრთხეების წარმოშობის ადგილზე ჩახშობაში, რაც გამოწვევას წარმოადგენს, როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის, რათა ამ საფრთხეებს არ მოეღწია საქართველოს და მისი მოკავშირეების საზღვრებამდე, რასაც შეეძლო მძიმე შედეგები მოეტანა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისათვის", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

მისივე თქმით, NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე უდიდესი კონტრიბუტორი და ბევრად მეტიც გააკეთა, ვიდრე ალიანსის ცალკეულმა მოკავშირეებმა.

 

„საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყანა არის სანდო, საიმედო საერთაშორისო პარტნიორი, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტი და რომ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოს და მისი თავდაცვის ძალების აქტიური ჩართულობის გარეშე. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

კომიტეტის სხდომის მონაწილეებმა გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას, ვინც სიცოცხლე შესწირა საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას.

 

ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ საერთაშორისო მისიებში კომიტეტის წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გააცნო და ჯარისკაცების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაზე, მოქმედ მისიებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner