„ის პროცესი, რომელიც ჩვენ 5 ივლისს ვიხილეთ, აბსოლუტურად ალოგიკური იყო, მაგრამ ამაზე ახსნაც რასაკვირველია მოსათხოვია“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან კითხვები იქნება იმასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა ორგანიზატორების დასაკავებლად ან რამ განაპირობა ეს ყველაფერი.
„მაგალითად, ნამდვილად მოულოდნელად განვითარებული მოვლენა რაც იყო, ჟურნალისტების მიმართ აგრესია, რამ განაპირობა, რამ გამოიწვია ეს. საინტერესოა ამასთან დაკავშირებით ვერსიების მოსმენა. ნამდვილად ვერავინ დამაჯერებს, რომ ყველასთვის მოსალოდნელი იყო ის, რაც 5 ივლისს დილით განვითარდა. ის პროცესი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, აბსოლუტურად ალოგიკური იყო, მაგრამ ამაზე ახსნაც რასაკვირველია მოსათხოვია. არის მაღალი სტანდარტიც იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ მეტი ვარაუდის, მეტი მოლოდინისა და მეტი პროგნოზირების შესაძლებლობა და ასე შემდეგ. რამდენად და როგორ იმუშავა სახელმწიფო აპარატმა ამ ყველაფრის პრევენციაზე, ერთის მხრივ და შემდგომ სამართლებრივ რეაგირებაზე - ყველა ეს არის ჩვენი ინტერესის სფერო. ამას აუცილებლად გამოვიკვლევთ. ერთადერთი, პირდაპირ გეტყვით ვის ინტერესშიც ეს არ შედის, თუნდაც გომელაურის მოსმენა, ეს გახლავთ ოპოზიცია. იქაც ალბათ ერთადერთი მიზეზი, თუ შემოვლენ და დაესწრებიან ამ მოსმენისას, იქნება გარკვეული დესტრუქციული ელემენტების შემოტანა, გარკვეული ნომრების შესრულება, სცენების დადგმა და ასე შემდეგ. სხვა მიზანი, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, ოპოზიციას სამწუხაროდ, არ აქვს. ჩემთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა ჭეშმარიტება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.