„პრემიერი კი არ უნდა გადადგეს, პირიქით, როგორმე დაიცვას ქვეყანა რყევებისგან და მის განვითარებაზე იფიქროს“,– ეს განცხადება დავით მაღრაძემ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში 5-6 ივლისის მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
“მის განცხადებაში მე წამქეზებლური ვერაფერი ვნახე. მას პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს წინაშე და თუ რა განწყობილებებიც იკითხებოდა ხალხში, პრემიერისთვის ნათელი იყო, ამიტომ ურჩია აქციის ინიციატორებს მსვლელობისთვის სხვა დისლოკაციის ადგილი შეერჩიათ. ის საქართველოში აკრედიტებული უცხოელი ელჩებივით გაიდლაინებით კი არ იცნობს ქვეყანას, მოსახლეობასა და მის განწყობებს, თავისი გამოცდილებით, სისხლითა და ხორცით, ოჯახითა და სულიერებით იცის. აქედან გამომდინარე ეძებდა გამოსავალს არსებულ ვითარებაში.
ვიღაცისთვის შესაძლოა პარლამენტზე შეტევა არ იყოს ძალადობა და აქციაზე ძალადობა – იყოს. ოპოზიციის იმ ნაწილს ვგულისხმობ, ვინც ხელის მოთბობას ცდილობდა. თავად როდესაც ძალადობდნენ, ის არ ითვლება… ვინც არჩევნებით ვერ მოდის ხელისუფლებაში, ქაოსით ცდილობს მოსვლას, ყველა მისთვის ხელსაყრელი გზით. ის პოლიტიკური ბომჟი კი, მიხეილ სააკაშვილი, გააფთრებული ცდილობს რამე ააგოროს, ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალოს და ქაოსი გამოიწვიოს… ასე რომ, პრემიერი კი არ უნდა გადადგეს, პირიქით, როგორმე დაიცვას ქვეყანა რყევებისგან და მის განვითარებაზე იფიქროს. ნებისმიერი რამის გამო შეიძლება ყველაფერი უკონტროლო ძალადობაში გადაიზარდოს და ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება. ამიტომ ურჩია, რომ სხვა ადგილი მოენახათ. იცის იმ აგრესიის შესახებ, რაც ამ საზოგადოებებს შორის არის, მონაყოლით კი არა, საკუთარ ზურგზე აქვს გამოცდილი. ამის არიდებას შეეცადა, მაგრამ არც ერთმა მხარემ არ გადათქვა და ამიტომ გადაიზარდა იმაში, რაც ჩვენდა საუბედუროდ ვნახეთ. რაც ყველაზე ცუდია, ეს აგრესია, ეს პრობლემა არ გადაგორებულა”, - განაცხადა დათო მაღრაძემ.