logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: არ ვფიქრობ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისის მსხვერპლია...
- +

14 ივლისი. 2021. 00:00

 

„არ ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული მსხვერპლი არის 5 ივლისის მსხვერპლი“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

 

„თქვენ ყველას გაქვთ თქვენი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ მე მაქვს ჩემი აზრის უფლება. ეს არავის აუკრძალავს და ვერც აკრძალავს. მე მაქვს ჩემი ვარაუდი, რომ ეს არ არის კავშირში 5 ივლისთან. შეიძლება, ეს არ დადასტურდეს, ან ის არ დადასტურდეს, რაც თქვენ გგონიათ. თქვენ ბრძანეთ, რომ 5 ივლისი მოხდა და იყო მსხვერპლი, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა 5 ივლისს. მსხვერპლი დადგა რამდენიმე დღის შემდეგ. ოღონდ, ეს იყო თუ არა იმის მსხვერპლი, მე ვფიქრობ, რომ არ იყო. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია, შედეგს დაველოდოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოსტ-ფაქტუმ მოხდა იმის შეფასება, რა ხარვეზები იქნა დაშვებული საპოლიციო ჩარევასთან მიმართებაში და ზოგადად, იყო თუ არა ხარვეზები დაშვებული, რადგან მივიღეთ ფაქტი, როცა დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი და ცხადია, გამოძიება მიდის, რასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში, გვაქვს მსხვერპლი.

 

მისი თქმით, ბოლო დროს, ისმის სიტყვა მკვლელი ხელისუფლება, რაც ბოლო წლების განმავლობაში პირველად არ გვესმის.

 

„შაქარაშვილიც ხელისუფლების მოკლული იყო, ბაჩალეიშვილიც და კიდევ, ხორავას საქმეც ასე იყო გაყიდული, რომ ლამის, მე და შოთაძემ ჩავიდინეთ. შემდეგ დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი უსინდისო ტყუილები იყო“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ როგორც წინა წლებში იყო, პოლიციას ლგბტქ თემთან საუკეთესო თანამშრომლობა ჰქონდა.

 

„ვერ დავიჟინებ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ახლაც ჰქონდა ლგბტქ თემს სურვილი, რომ პოლიციისთვის დაეჯერებინა და სხვა ლოკაციაზე გადასულიყო, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ალბათ, მათ არ მისცეს ამის შესაძლებლობა და ბოლომდე წაიყვანეს პროვოკაციაზე. ჩემთვის, ეს მორიგი უსინდისობაა, რადგან ლგბტქ თემი და ასეთი მოწყვლადი ჯგუფები არავის გამოსაყენებელი არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

 

მისივე თქმით, არის კიდევ ერთი პრობლემა და გასაანალიზებელია, საიდან მოდის ასეთი ძალადობა და ვის ინტერესშია, რომ ქართველები ველურ ერად გაგვყიდონ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner