logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მართლამდიდებელ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყანაში უმრავლესობაშია, მუდმივად აქვს ეს წნეხი
- +

14 ივლისი. 2021. 01:53

 

„ამ ყველაფრის საფუძველთა საფუძველი მე მაინც მგონია ის, რომ არის მცდელობა, მოხდეს იმის დესაკრალიზაცია, რაზეც ქართველი ერი დგას“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

 

„ითვლება, რომ ხელისუფლება და მინისტრი უუფლებოა, მაგრამ მეც ხომ ამ ქვეყნის შვილი ვარ და მეც მაქვს ჩემი მოსაზრება. ამ ყველაფრის საფუძველთა საფუძველი მე მაინც მგონია ის, რომ არის მცდელობა, მოხდეს იმის დესაკრალიზაცია, რაზეც ქართველი ერი დგას. ეს არის მართლმადიდებლური რწმენა. ეს გნებავთ, ისე ჩამითვალეთ, რომ მართლმადიდებელია და ამას ამიტომ ამბობს ასე, მაგრამ თუკი სხვა კონფესიის, ეთნოსის, თუ სხვა უმცირესობის ჯგუფს აქვს თავისი აზრის ხმამაღლა თქმის უფლება, მეც მაქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არ მოსწონს, როცა ვიღაც უმრავლესობაში მყოფი მართლმადიდებლების დაკომპლექსებას ცდილობს, რომ მათ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება არ ჰქონდეთ.

 

„არ მომწონს, როდესაც ვიღაც ცდილობს, უმრავლესობაში ვინც ვართ, მართლმადიდებლები, დაგვაკომპლექსონ, რომ ჩემი აზრის გამოთქმის უფლება არ მქონდეს, მაგრამ მე მაქვს ეს უფლება. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმე მჩაგრავს, არამედ ვცდილობ, საჯაროდ ვთქვა ის, რასაც ვხედავ, რომ მართლამდიდებელ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყანაში უმრავლესობაშია, მუდმივად აქვს ეს წნეხი. ეს ვერ იქნება კომპლექსის საფუძველი და მე ვერ ვიქნები დაკომპლექსებული იმის გამო, რომ უმრავლესობაში ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, მე, როგორც ერთ თეას, მართლმადიდებელს, როგორც ერთ მინისტრს, ჩემ პოლიტიკურ გუნდთან ერთად მაქვს ვალდებულება, რომ დავიცვა უმცირესობები, რისთვისაც ეს ხელისუფლება რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს. თუმცა, უხარვეზო ხელისუფლება არსებობს თქო, რომ ვთქვა, სულელი უნდა ვიყო, რაც მგონია, რომ არ ვარ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, აუცილებელია, მოხდეს მეტი გაანალიზება, რაშია პრობლემა.

 

„ის, რომ ლგბტქ თემისთვის ქორწინება არ არის დაშვებული? ის, რომ შვილად აყვანაზე ქართველების უმრავლესობა ძალიან პრინციპულ წინააღმდეგობას ავლენს? ეს ხომ რეალობაა?! თუ გნებავთ, მოდით, ვცადოთ და როგორც ზოგიერთი ჩვენი მოქალაქეობის მქონე, პასპორტიანი, თუ სხვა პასპორტის მქონე აკეთებს და ამბობს, ასე არის, მაგრამ ეს ადამიანები უნდა გადავაკეთოთო, ჩვენც ასე ვთქვათ, მაგრამ ქართველ ადამიანს ვერავინ ვერ გადააკეთებს. და კიდევ, როდესაც ქართველებს ელაპარაკები, ალბათ, მეტი გაგება და ცოდნაა საჭირო, უმრავლესობისაც და უმცირესობიაც. იმიტომ, რომ მარტო ცეკვა, სიმღერა და მრავალხმიანობა არ არის ქართველი ერი. ქართველ ერს ცოტა მეტი ცოდნა სჭირდება, სანამ რაღაცებს ვუსაყვედურებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა შევძლოთ თანაცხოვრება იმ პირობებში, როცა სხვადასხვა ჯგუფს შორის არსებობს ამ მასშტაბის სიძულვილი, დაპირისპირება და რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა თანაცხოვრების მოდუსი იპოვონ, რომელშიც შეიძლება, ერთად იცხოვრონ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამისთვის, მეოთხე ხელისუფლება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს, აღმასრულებელი ხელისუფლება კი რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს მოარიდოს.

 

„თუ თქვენ გვეტყვით, კიდევ რა უნდა გააკეთოს, ამასაც გააკეთებს. იმისთვის, რომ მოარიდოს სხვადასხვა ჯგუფი. იდეები თუ გაქვთ, ამასაც გავიზიარებთ, მაგრამ არც თქვენ გექნებათ რეცეპტი და არც ხელისუფლებას ექნება. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, რომ რაღაცნაირად, ვისწავლოთ ერთმანეთის ნდობა და ნუ ვიქნებით დაბრმავებული იმით, რომ ეს ხელისუფლება არ მოგვწონს და გვძულს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner