ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ნიცაში მომხდარ ტერაქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საფრანგეთმა შეცდომა დაუშვა როცა უამრავი ემიგრანტი შეიფარა და მოქალაქეობა მიანიჭა .
„საფრანგეთს ყველაზე სუსტი დაცვის სისტემა აქვს. თან საფრანგეთმა თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვა - უამრავმა ემიგრანტი შეიფარა და ყველას მოქალაქეობა მიანიჭა.
მილიონობით ადამიანი, რომელიც მანამდე ამერიკაში, აფრიკაში და ა.შ. ცხოვრობდა, საფრანგეთის მოქალაქეები გახდნენ. ასეთმა ნაკადმა, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო, გამოიწვია ამ ქვეყნის მკვეთრი დემოგრაფიული ცვლილება როგორც ეროვნული, ისე რელიგიური თვალსაზრისით.
ტერორისტულ აქტზე მიდიან ადამიანები, რომლებიც არიან ეროვნებით არაბები, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქეები. მაგალითად, ბელგიის ტერაქტში მონაწილეობდა ეროვნებით არაბი საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც მეორე თაობის იყო. ინტეგრაცია არ მოხდა, რადგან იმდენად ბევრნი არიან, რომ ერთმანეთთან კონტაქტს არ კარგავენ.
ახლა მოხალისეების მიღება გამოაცხადეს პოლიციელთა რიგებში. გამოირკვა, რომ 12 ათასი პოლიციელი აკლდა საფრანგეთს. 32 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს საქართველოს შსს-ს 3-მილიონიან ქვეყანაში. 60-მილიონიან ქვეყანაში კი 100 000 პოლიციელიც არ ჰყოლიათ.
ტერორიზმთან ბრძოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა აბსოლუტურად გამოუსადეგარია. ან ტერორიზმს უნდა ებრძოლო, ან ადამიანის უფლებები უნდა დაიცვა. ნებისმიერი ჩხრეკა, რომელსაც ფრანგი სპეცსამსახურები ატარებენ, უფლებადამცველების აღშფოთებას იწვევს", - ამბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე.