„პირველ რიგში, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ეს იყო პასუხი ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც იყო ასეთი: აპირებთ თუ არა სანქციების დაწესებას საქართველოსთვის? აქ მნიშვნელოვანია კონტექსტი. როდესაც კითხვას გისვამენ, იმ კითხვას პასუხი უნდა გასცე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნედ პრაისის პასუხი იყო ძალიან ზოგადი.
„ზოგადად იმ ქვეყნები, სადაც ადამიანების უფლებები ირღვევა და სადაც მძიმე პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, სანქციები წესდება. თუმცა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ვრცელ რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და აქედან გამომდინარე, რაიმე სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის. ეს იყო იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც ქართველმა ჟურნალისტმა დასვა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.