„ერთადერთი გამოსავალი არის ერთმანეთთან საუბარი, დიალოგი, ძალადობის შეწყვეტა, რისკენაც მოგვიწოდებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორი, სახელმწიფო დეპარტამენტი“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ჩვენ ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი და დავუბრუნდეთ კონსტრუქციულ რეჟიმს.
„ეს არის სპირალი, რომლიდან გამოსვლაც ძალიან რთულია, ძალადობის, უნდობლობის, ძალმომრეობის სპირალი. ერთადერთი გამოსავალი არის ერთმანეთთან საუბარი, დიალოგი, ძალადობის შეწყვეტა, რისკენაც მოგვიწოდებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორი, სახელმწიფო დეპარტამენტი. სანამ არ ვისწავლით ერთმანეთთან საუბარსა და ნებისმიერი პრობლემური საკითხის გარჩევას, მანამდე ეს ძალმომრეობის სპირალი, ესკალაცია სიკეთემდე არ მიგვიყვანს. თუ რომელიმე მხარეს ჰგონია, რომ ძალადობით, ესკალაციით შეძლებს საქართველოში თუნდაც მთავრობის, თუნდაც პოლიტიკური კლასის შეცვლასა და ფიქრობს, რომ მერე ყველაფერი დალაგდება, ეს ილუზიაა. აუცილებელია, რომ ჩვენ ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი და დავუბრუნდეთ კონსტრუქციულ რეჟიმს. ერთადერთი, გამოსავალია დავუბრუნდეთ საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტი უნდა ჰგავდეს პარლამენტს, ჟურნალისტი უნდა იყოს ჟურნალისტი და არა პოლიტიკოსი. ქუჩის აქტივისტი უნდა იყოს აქტივისტი და არა პარლამენტში შემოვარდნილი ბრბო, როგორც კი ეს ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება მაშინვე გამოჩნდება შუქი, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვიაროთ, თუ ეს არ მოხდა, მაშინ ამ ძალმომრეობის სპირალიდან ჩვენ ვერასდროს ვერ გამოვალთ“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.