logo_geo
eng_logo
თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
- +

21 ივლისი. 2016. 14:55


თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი წარუძღვნენ. პროექტის ორგანიზატორებმა ფესტივალის მნიშვნელობაზე და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.


„წლევანდელი ფესტივალის პროგრამა წინა წლებისგან გამორჩეულია და განსაკუთრებულია, როგორც მონაწილეების თვალსაზრისით, ასევე იმით, რომ წელს ღია ცის ქვეშ ჩატარდება ღონისძიებების საკმაოდ დიდი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ტურისტი, ვიზიტორი, ვინც ჩვენს დედაქალაქში ჩამოვა, შეძლებს, რომ ერთის მხრივ, თეატრალური ფესტივალის პროგრამით მიიღოს ძალიან დიდი სიამოვნება და მეორეს მხრივ, დაათვალიეროს ჩვენი ქალაქი, ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ამითაც შორს გაიტანოს ჩვენი ქალაქის სახელი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს მერვედ იმართება, ღონისძიებათა ციკლი 24 სექტემბერს დაიწყება და 8 ოქტომბრამდე გასტანს. ფესტივალი შემოდგომის თბილისის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, როგორც ჩვენთან, ასევე, შავი ზღვის ქვეყნებში.


ფესტივალი მაყურებლის წინაშე წელსაც ტრადიციული და ამავდროულად განახლებული პროგრამებით წარსდგება:


• საერთაშორისო პროგრამა 24 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

• პროგრამა New 27 სექტემბერი - 1, 3 ოქტომბერი

• ქართული სპექტაკლების პროგრამა 4 - 8 ოქტომბერი


გარდა ამისა, გაიმართება გამოფენები, სამუშაო შეხვედრები და სემინარები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner