“მოვუწოდებ მთელ საქართველოს, ერთიანად ვცეთ პატივი ლექსო ლაშქარავას ხსოვნას და ყველამ ერთად მივაცილოთ საუკუნო განსასვენებლამდე. ერთად მივაყაროთ მიწა, როგორც განსვენებულ ლექსოს ცხედრას, ასევე ძალადობას.
ერთად დავდგეთ და დავმარხოთ ძალადობა!”, - ამის შესახებ საზოგადოება “სტალინის” დამფუძნებელი გრიგოლ ონიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“მე, შვილმკვდარი მამა, ორჯერ მეტად განვიცდი იმ უბედურებას, რასაც დღეს ტელეეკრანებზე ვუყურებ და, გამწარებულ დედის მოთქმას, გულდათუთქული ვუსმენ.
უნდა დაიგმოს ძალადობა! მე ვგმობ ძალადობას! ძალადობა უნდა დაგმოს ყველამ! ძალადობა უნდა დაიგმოს ყველა მხრიდან! ძალადობა თავად შობს ძალადობას!.
ყველა დაეჩვია ძალადობას - დიდი თუ პატარა, პოლიტიკოსი თუ არა პოლიტიკოსი, ჩინოვნიკი თუ არა ჩინოვნიკი. ძალადობა გახდა სანახაობა და არა სულისშემძვრელი და აღმაშფოთებელი მოვლენა.
ხალხი მონებად აქციეს იმ იმედით, რომ ის კიდევ უფრო დიდ ძალადობას მოითმენს. მოითმენს იმიტომ, რომ ის მორალურად გატეხილია: ჯოხით, სკამის ფეხით, ყავარჯნით, თუ სხვა უამრავი საშუალებით.
ძალადობის დღევანდელი ფაქტი ყველა ოჯახის კარამდე მივა. მივა იმიტომ, რომ ხალხმა უარი არ უთხრა პირველ ძალადობას, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა. როდესაც კობა დავითაშვილი (6 შვილის მამა) ჯერ დაასახიჩრეს, შემდეგ კი ხანგრძლივი დროის წამებით მოკლეს; როდესაც დეპუტატი ვალერი გელაშვილი, დღისით-მზისით, შუა ქალაქში რკინის კეტებით ძაღლივით ჩაქოლეს და მიატოვეს (მერე რა, რომ ის ცოცხალი გადარჩა); მაშინ, როდესაც პეტრე ცისკარიშვილმა საკანონმდებლო(!) ორგანოში რკინის კასეტით თავი გაუტეხა დავით საგანელიძეს; როდესაც მოკლული ორი გვამი სახურავზე შემოაგდეს და ბრალი ელენერგიას წაუყენეს; როდესაც დავით კირკიტაძემ დაცვის თანამშრომელზე იძალადა, ხოლო მოძალადე პრეზიდენტმა გმირად გამოაცხადა.
მე არ ჩამოვთვლი იმ გენოფონდის სიას, რომელიც, ნებსით თუ უნებლიედ, ხელისუფლებამ ქუჩაში დახოცა. და ამას აკეთებენ - ჩემი, შენი და იმის თვალწინ, ჩვენ კი კოჰაბიტაციის ფერხულში ვართ ჩაბმულები და ვერაფერს ვხედავთ... ვერაფერს ვამჩნევთ...
ამ ცხელ გულზე, გამწარებული დედის მოთქმის ფონზე, მაშინ, როდესაც ძირითადი ჭირისუფალი მას-მედია ასე გამძაფრებით გადასცემს ამ შემზარავ ფაქტს, ძნელია საბოლოო ვერდიქტის გამოტანა და განსჯა.
სვანის ოჯახში ძმამ ძმის სისხლის 40 წლის შემდეგ აიღო. სახლში დაბრუნებულმა დაიჩივლა - ავჩქარდიო. (თურმე ყველაფერს თავისი დრო ჰქონია).
მოვუწოდებ მთელ საქართველოს, ერთიანად ვცეთ პატივი ლექსო ლაშქარავას ხსოვნას და ყველამ ერთად მივაცილოთ საუკუნო განსასვენებლამდე. ერთად მივაყაროთ მიწა, როგორც განსვენებულ ლექსოს ცხედრას, ასევე ძალადობას.
ერთად დავდგეთ და დავმარხოთ ძალადობა!
პირადად მე, გრიგოლ ონიანი, ძალზე მძიმედ განვიცდი განსვენებულის ოჯახის მწუხარებას და თავს ვხრი მიწამდე”, - წერს ონიანი.