„რაც ჩვენ გავაკეთეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით, ზუსტად შეესატყვისება იმას, რაზეც ზეპირად შევთანხმდით და წერილობით ავსახეთ შარლ მიშელის დოკუმენტში. ყველაფერი დანარჩენი არის არასწორი“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.
მისი თქმით, მიღებული კანონი ზუსტად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს „რაც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში ზუსტად ის გაკეთდა. გაკეთდა პაუზა, მივიღეთ კანონი, რომელიც ზუსტად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამის შემდეგ, როგორც ეწერა მიშელის დოკუმენტში გამოცხადდა ხელახლა საბუთების მიღება დამატებით კანდიდატებისთვის და ამის შემდეგ გაგრძელდა პროცესი. ეს იყო ის, რაც ზეპირად შეთანხმდა ჩემი მონაწილეობით, სამი კაცი ვესწრებოდით ჩვენგან, ზეპირად შეთანხმდა ეს ჩაიწერა ტექსტში და ეს გავაკეთეთ სიტყვა-სიტყვით აპრილში, ვიმოქმედეთ საქართველოს კონსტიტუციის და შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ცალკეული ჩინოვნიკის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შედეგი. ჩვენ ვიმოქმედეთ თავიდან ბოლომდე მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, პირველ რიგში ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. სხვა ყველაფერი დანარჩენი არასწორი ინფორმაციის შედეგია. ჩვენ ვართ პირნათელი, როგორც ქართული საზოგადოების წინაშე, ქართული კანონმდებლობის წინაშე, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ასეთ ვითარებაში, თუ ვიღაცა სესხს არ გამოგვიყოფს, ეს იქნება, აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება 5 ივლისის მოვლენებს, ირაკლი კობახიძის თქმით, შარლ მიშელს, რომელიც თბილისში ჩამოდის, მიეწოდება სრული ინფორმაცია, რა რისკები იყო მოსალოდნელი, გათვლილი და როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა.
„ჩვენ ახლაც ვაწვდით და შარლ მიშელსაც უშუალოდ მივაწვდით სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა და ა.შ. მივაწვდით ინფორმაციას მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს სამწუხაროდ მას შემდგომ, რაც ეს ძალადობა იქნა ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებაზე, კონკრეტულ დაკავებებზე და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც წარიმართება. ამაზე შარლ მიშელსაც და სხვა პარტნიორებსაც მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.