„პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ი.თ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა“, – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გ.მ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ი.თ-ს კერძოდ, ბრალდებულები ი.თ-ს ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.
სამართალდამცველებმა გ.მ. 2021 წლის 14 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.
“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 22 პირს წარედგინა.
ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.