„მედიასთან კომენტარი აუცილებელია და სავალდებულო - პრობლემა არის რამდენიმე ტელეარხთან, რომელიც დომინანტურად პოლიტიკურია და არა ნეიტრალური,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ უარის თქმას კომენტარზე იქ, სადაც მათთვის არასასურველი ტელევიზიები იქნებიან წარმოდგენილნი. სწორედ ამ მიზეზით, დღეს მმართველი გუნდიდან მედიასთან კომენტარი მხოლოდ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ გააკეთა.
„მედიასთან კომენტარი აუცილებელია და სავალდებულო, მსიამოვნებს თუ არ მსიამოვნებს. პიროვნულად არც ერთ თქვენგანთან მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით, პატივისცემას გიდასტურებთ. უფრო პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ ვიდრე მედიას და აქედან არის განპირობებული ეს ყველაფერი. არც ერთ თქვეგანს ვინც აქ ხართ, არავინ ადანაშაულებს, პრობლემა არის რამდენიმე ტელეარხთან, რომელიც დომინანტურად პოლიტიკურია და არა ნეიტრალური“, - განაცხადა სერგეენკომ.
ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ მათი პოზიცია სამართლიანია, რადგან მათი კოლეგაა დაღუპული და 50- ზე მეტი ჟურნალისტი დაშავებული, სერგეენკო პასუხობს, რომ წუხს მომხდარის გამო.
„მართლაც ძალიან ვწუხვარ ადამიანურად და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ვინც ამაში დამნაშავე იყო, დაისაჯოს კანონით და დაისაჯოს გარდაუვლად“, - აცხადებს სერგეენკო.