ივლისის სევდიანი საღამოა... ვზივარ და უსაზღვროდ ბევრს ვფიქრობ... ვიხსენებ... ვცდილობ, არაფერი გამომრჩეს...
ეს ფიქრები მხოლოდ ჩემშია, თუმცა, ცოტაოდენს მაინც გაგიზიარებთ, თორემ დამეღალა გული ამოდენა ფიქრით და მღელვარებით.
ჩემს ჟურნალისტურ ცხოვრებაში ბევრი მძიმე დღე იყო. ყველაზე მძიმე, როდესაც ორი დღის განმავლობაში 10 სიკვდილმისჯილს შევხვდი ორთაჭალის ციხეში. მერე კარგა ხანს ავად ვიყავი, არაფრის თავი და ღონე არ მქონდა. რაც შევძელი იმ დღეს, ნამდვილად გავაკეთე. ჩემს წინ ისხდნენ უკან ხელბორკილიანები და ჩემი თხოვნით, წინა მხრიდან შევაკვრევინე, რომ ყავაც დაელიათ და სიგარეტიც მოეწიათ. მაგრამ ჩემთვის ვერგადასატანი მათი თვალები იყო, ხმა, ინტონაცია... გავეცანი მათ საქმეებს და რაღაც პერიოდის მერე ერთს, კალანდია იყო გვარად, შეუცვალეს უმაღლესი ზომა, ორიოდე თვეში კი, როდესაც ისინი ყოველ წამს დახვრეტას ელოდნენ, საერთოდ გაუქმდა სასჯელის უმაღლესი ზომა. იმ საქართველოში, ციხის ხელმძღვანელები კარგად მექცეოდნენ, არასოდეს შემქმნია პრობლემა მუშაობის პროცესში, ხელს მიწყობდნენ... სხვა საქართველო იყო ნამდვილად...
მერე და მერე ბევრი რამ შეიცვალა. მახსოვს, ჯაბა იოსელიანთან ციხის საავადმყოფოში როგორ მოვახერხე შესვლა. ვინახულე, ვისაუბრეთ, ფოტოც მაქვს და მალევე ისეთი ალყა შემომარტყა უამრავმა „ჰალუსტუხიანმა“... „ამწიეს“ და ციმციმ წამიყვანეს ერთ დიდ კაბინეტში, ჩამართვევინეს დიქტოფონი და ბოლომდე მოუსმინეს ჩანაწერს. არც არაფერი იყო ისეთი, ახალ წელზე და მსუბუქ თემებზე ვსაუბრობდით, მაგრამ „ჰალუსტუხიანებმა“ ის არ იცოდნენ, პირადად, დიქტოფონის გარეშე რაზე ვისაუბრეთ და რა გამიმიხილა. ბოლოს, დამიბრუნეს ჩემი მარჩენალი „პანასონიკი“ და ვერაფერი რომ ვერ მინახეს ხელჩასაჭიდი, უხასიათოდ გამომაცილეს... მხოლოდ ის უკვირდათ, როგორ, რანაირად შეაღწიე „რესბალნიცაშიო“...
არც მაშინ შემშინებია (დღეს კი მეშინია...)
მერე იყო და ქუთაისის ციხის უფროსის მოადგილეზე, ბადრი დეისაძეზე დავბეჭდე დიდი სტატია და თბილისში ჩამოქანდა. მომივარდა გამომცემლობაში, იარაღი დამადო, გიორგი აბდალაძეს ფოტოაპარატი ჩამოგლიჯა, ვანო პავლიაშვილსაც მოკვლით დაემუქრა და... მოკლედ, ამაზე ბევრი დავწერე და მადლობა ღმერთს, ვერ მოგვერია... მერე კი ცოლთან ერთად მოკლეს... როგორც ვიცი, აწამებდა პატიმრებს... კი, რასაკვირველია, სიმკაცრე უნდა იყოს, მაგრამ ზღვარგადასული?! თან გააჩნია, ზოგი იმსახურებს, ზოგი კი არა. ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
მე უბრალოდ რამდენიმე ეპიზოდს ვიხსენებ.
ერთხელ კი გაზეთ „ასავალ-დასავალში“ სხვა რედაქციის რედაქტორი მოვარდა ორი „დაცვისკაცით“ და ავტომატით. ისინიც გავისტუმრე რედაქციის კარზე აწებებულმა.
ჰო, გორი გამახსენდა, „მხედრიონელებს“ რომ გადავუდექი: - მე მესროლეთ-მეთქი, მომღერალ მეგობარს მიკლავდნენ, მანქანით ვიყავით, გაგვაჩერეს და... მადლობა უფალს, გადავრჩით. ჩემი მანდილი ყოველთვის ჩემი ენა იყო და არის, რა თქმა უნდა. მაგრამ წლები... წლები...
ჭიათურაში კი პოლიციამ - სასწრაფოდ წადით აქედან, ვერაფერს გიშველითო. კონცერტის მერე ფული გადაგვიხადეთო, ადგილობრივი „ტიპები“ დაგვხვდნენ თეატრთან და თანხა მოგვთხოვეს. ესეც იყო ჩემს ცხოვრებაში. გადავრჩით მაშინ 4 ადამიანი, როგორღაც გამოვასწარით, მაგრამ მთელი გზა, ღამე იყო და სულ მეგონა, უკან მოგვდევდნენ, დამაწყდა კიდურები დაძაბულობისგან.
რა გამახსენდა და ცხონებული რობერტ ბარძიმაშვილი როგორ დამეხმარა. კრწანისში, შევარდნაძის გვერდით ჰქონდა აგარაკი. ჰოდა, შემაპარა. ავცოცდი მანსარდაზე, ფორთხვით ვიარე სულ და მაინც გადავიღე მუხლებგადატყაულმა ფოტოები. მერე ისევ, მანქანის უკანა სავარძელზე გაწოლილი გამომიყვანა იმ ზონიდან. არადა, მართლა არ ვიცოდი, იქვე, ზემოთ, მთაზე, სნაიპერები ჰყოლიათ თურმე. ნაღდად გადავრჩი, ვერ შემამჩნიეს ფორთხვის დროს. მერე, მასალა და ფოტოები რომ დავბეჭდე, ვინ მოხსენეს და ვინ არა, არ ვიცი.
ერთ არამშვენიერ დღეს ცნობილი ადამიანი შემომელახა, ხელი ისე ცუდად შემახო, მიიღო კიდეც ჩემგან სამაგიერო. გადაირია და პოლიცია გამოიძახა. ჰოდა, წამიყვანეს „ჩორნი ვორონით“. ამაზეც დაწერილი მაქვს დოკ. პროზაში. იმ ღამეს იქ მტოვებდნენ, ძალიან გვიანი იყო და დავიღალე დაკითხვით, ეგონათ, მაშინებდნენ, ხელი არაფერს მოვაწერე, წყალიც კი არ მომაწოდეს. ჰოდა, მაშინ კი ვთქვი, მამაჩემს დაურეკეთ-მეთქი. რომ გაიგეს, მაშინდელი ერთ-ერთი პოლიციის უფროსის შვილი ვიყავი, რა ამბავი ატყდა, უნდა გენახათ. ძლივს გადავურჩი მამაჩემს. ჩაიარა მაგ ამბავმაც, მაგრამ დღემდე მახსოვს, როგორ მაძალებდნენ აღიარებით ჩვენებას.
ერთ გაზაფხულზე, პირდაპირ რედაქციაში, ვიღაც უცნობმა უცნობი აირიც შემაფრქვია სახეში. ათი დღე სად ვიყავი, არ მახსოვს. მერე იყო და თავსაც დამესხნენ, საქმეც აღიძრა, მაგრამ არავის არავინ არ უპოვია... სამაგიეროდ, მე ვიპოვე დიაგნოზები.
...უჰ, შევხვედრილვარ 10 თვის შვილის მკვლელ დედას, სამი ქმრის მკვლელსაც, თანაკურსელსაც, რუსთავის კოლონიაში, მთელი ღამე შემთხვევის ადგილზეც ვყოფილვარ და მიმუშავია პოლიციელების მხარდამხარ, დავხმარებივარ კიდეც, როგორც შემძლებია ყველას. სამართლიან მოსამართლესაც ვიცნობდი, ჯავახია იყო გვარად... ჩემს წინ ატირებული გენპროკურორიც მინახავს...
კარგი პოლიციელებიც შემხვედრიან: შს მინისტრი შოთა გორგოძე, გენერალი დემურ მიქაძე, გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე, ელგუჯა ჯამბურია, თემურ ანჯაფარიძე, ნუგზარ ღამბაშიძე... სამხედროებში გენერალი გუჯარ ყურაშვილი და დღევანდელ მედიაში ყველაზე უშიშარი სამხედრო ჟურნალისტი ქალი ზაირა მიქატაძე...
ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ მინახავს ათეული წლების განმავლობაში...
მთავრობიდან კი... ერთსაც გავიხსენებ, თორემ სათქმელი იმდენი მაქვს...
მოკლედ, ჩემი დაბადების დღე იყო და ორი დღის მერე ახალი წელი. მაინც ვმუშაობ, ვინ მოგასვენებს ჟურნალისტს. ჰოდა, ერთ ცნობილ პოლიტიკოსთან გამამწესა რედაქტორმა. მივედი პარლამენტში, უზარმაზარი კაბინეტის იქით, მეორე, დასასვენებელ ოთახში ვისხედით. იმ ოთახს კიდევ ერთი კარი ჰქონდა, რაღაცაზე წამოდგა, გამოაღო და დავინახე კონიაკ-ვისკებ-შამპანურებით და ტკბილეულით გაძეძგილი თაროები. მალევე კი მიხურა, რამდენიმე წამში, მაგრამ დასანახი დავინახე. ჰოდა, იმ ახალ წელს ის თაროები მედგა თვალწინ. განა მე არ მქონდა საახალწლო რამე-რუმე, მაგრამ პოლიტიკოსის სიძუნწემ ღიმილი მომგვარა. არც არავისგან არაფერს ვითხოვდი, ამას როგორ ვიკადრებდი, მასპინძლობა ისედაც ძალიან ბევრ ადამიანს გაუწევია ჩემთვის. გავიდა წლები და არც არაფერი მიკვირს უკვე, იმიტომ, რომ მე სხვა ჟურნალისტიკაში მოვედი, დღეს კი...
უამრავი ამბავი შემიძლია გავიხსენო, ეს დაუსრულებელი იქნება. ახლაც ჩქარა და სპონტანურად ვწერ.
მე ამაყი ვარ, ჟურნალისტთა და მწერალთა კავშირის წევრი რომ ვარ, ათი წიგნის ავტორი. ყველა წიგნი შვილივით მიყვარს, რამდენიმე გამორჩეულად. ერთი კი განსაკუთრებით - „რაც არასოდეს მითქვამს“. ამ წიგნში ის ჟურნალისტური მოგონებები შევიდა, რაც ჯერ კიდევ მახსოვდა და არ მინდოდა დაკარგულიყო.
ურთულესი ცხოვრება გავიარე. ყველა ჟურნალისტს უამრავი მოგონება აქვს, ცუდი უფრო მეტი, თუმცა, კარგიც საკმაოდაა და ჭკუის სასწავლებელიც. პირადად მე, ისეთ ადამიანებს შევხვედრილვარ, ბევრი რომ ვისწავლე მათგან, მაგრამ დღეს განსაკუთრებული ქაოსია ჩვენს ქვეყანაში და ვისგან რა უნდა ისწავლოს ადამიანმა? ფაქტია, საზოგადოება ანუ თითოეული ჩვენგანი, არანაირად არ ვართ დაცული სახელმწიფოსგან.
დამეღალა გული და სული ამ ბოლო წლებში. ჩემი ქვეყნის მთავრობა ყოველთვის მაღალი მთა მინდოდა ყოფილიყო. რატომ და მაღალი მთიდან ძალიან სუფთა ჰაერი უბერავს. ჰოდა, რაც უფრო მაღალი მთა იქნება სახელმწიფო, მით კარგად ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ ყველა.
P.S. დედას გეფიცებით და მამასაც, 15-16 წლის გოგო კინოოპერატორობაზე ვოცნებობდი, მაგრამ მამამ გადამაფიქრებინა, გოგო ფიზიკურად ამას ვერ შეძლებსო... მიხვდით, ალბათ, რას ვგულისხმობ... ეს ფოტო კი ერთ-ერთი კადრია ჩემი ცხოვრებიდან, როდესაც ვიძახი: ნუ გეშინიათ სიყვარულის! გვიყვარდეს ერთმანეთი, დავინდოთ ერთმანეთი და ნუ გავწირავთ ერთმანეთს-მეთქი...
არის პროფესიები, ვისაც ცოტა მეტი სითბო, მზრუნველობა და მოფრთხილება უნდა.... მე ეს უკვე კარგად ვიცი...