logo_geo
eng_logo
მედიის ინფორმაციით, რუსეთი ავღანეთის საზღვართან სამხედრო წვრთნების სერიას ჩაატარებს
- +

15 ივლისი. 2021. 17:44

 

აგვისტოდან სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის ფედერაცია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, ავღანეთის საზღვარზე სამხედრო წვრთნებს გამართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს.

 

როგორც ცნობილია, რუსული მხრიდან სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ სამთო და მოტომსროლელი ნაწილები, აერომობილური დანაყოფები, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების ძალები, ავიაცია და არტილერია. წვრთნებში ჩართულები იქნებიან ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზების საჰაერო ჯგუფები და S-300-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა.

 

სწავლებები ძირითადად შეეხება „უკანონო შეიარაღებული ჯგუფების განეიტრალებას, ასევე უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას“. აღნიშნულის შემდეგ უკვე შედგება ერთობლივი მანევრირება სახელწოდებით „მშვიდობიანი მისია – 2021“.

 

აგვისტოს დასაწყისში სწავლებები გაიმართება უზბეკეთში, ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს, ხოლო სექტემბერში უკვე ყირგიზეთში შედგება ცენტრალური აზიის რეგიონის „კოლექტიური ძალების სწრაფი განლაგების სპეციალური წვრთნები“, რომელიც 2001 წელს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრი-ქვეყნების მიერაა შექმნილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner