„ჩვენ ვაცხადებთ მაქსიმალურ მზაობას იმისათვის, რომ აგვისტოში, როდესაც ჩვენ ველოდებით ალფა შტამის დელტა შტამით სრულიად ჩანაცვლებას, გვქონდეს ინფრასტრუქტურული მზაობა და ასევე პერსონალის კუთხითაც, მობილიზებულია ჯანდაცვის სისტემა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, უწყებისთვის განსაკუთრებით ფასეულია ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მცირეწლოვნებს ინფიცირებისგან დაიცავს.
„მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალდებულებაა და ვიღებთ პასუხიმგებლობას იმაზე, რომ თითოეულ ბავშვს, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ინფექციის მატარებლად, ჰქონდეს შესაძლებლობა, ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს ის საჭირო მკურნალობა, რომელიც პაციენტისთვის იქნება საჭირო. დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში 300-მდე ბავშვია მოთავსებული. ჩვენ განვაგრძობთ პედიატრიული საწოლების მობილიზებას და არც ერთი ბავშვი არ დარჩება ჰოსპიტალური საწოლის გარეშე. მნიშვნელოვანია ასევე მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღება იმ ღონისძიებებში ბავშვების ჩართულობაზე, სადაც შეიძლება ბავშვი დაინფიცირდეს. დღესდღეობით კვლავ რჩება მნიშვნელოვან ღონისძიებად სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება იმისთვის, რომ ბავშვები დავიცვათ კოვიდისგან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, რეგიონებში ბავშვთა საწოლებზე არანაირი დეფიციტი არ არის.
„დეფიციტი შეინიშნებოდა თბილისში, ვინაიდან აქ უფრო მეტად არის გავრცელებული ინფექცია და ამ მიმართულებით სამინისტრომ განახორციელა არაერთი ქმედება იმისთვის, რომ დეფიციტი არ შეიქმნას და პაციენტები მივიღოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.