logo_geo
eng_logo
პროკურატურამ რუსთავში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
- +

15 ივლისი. 2021. 18:06

 

საქართველოს პროკურატურამ, რუსთავში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, ნ.დ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სხვაგვარი ძალადობის, ხოლო გ.ჩ.-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 14 ივლისს, რუსთავში, ნ.დ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო, გ.ა.-ს და გ.ბ.-ს მოკვლის განზრახვით, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.ა. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო, დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.დ.-ს მიერ განხორციელებული ქმედების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა გ.ჩ., რომლისთვისაც ცნობილი იყო მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა, სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა.

 

სამართალდამცველებმა ნ.დ. და გ.ჩ. იმავე დღეს დააკავეს. ნ.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გ.ჩ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner