15 ივლისს, იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა გახსნა პროექტი „სანიტარული პირობების გაუმჯობესება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის მიერ დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში, შეძენილია 57,329 დოლარის ღირებულების მცირეგაბარიტიანი ნარჩენების შემგროვებელი მანქანა და პლასტმასის შეგროვებისთვის განკუთვილი სპეციალური ურნები, რომლებიც განთავსდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთში.
ტექნიკის შეძენა ქალაქ ოზურგეთის და გურიის რეგიონის მიერ შემუშავებული მწვანე სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა, რაც დაეხმარება მუნიციპალიტეტს გადავიდეს ნარჩენების სეპარირებაზე და ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის უფრო მდგრადი მოდელის შექმნას.
მიმდინარე წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ეს იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული მეორე პროექტია. იანვრის თვეში, იაპონიის საელჩომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა 4 რეანომობილი, საიდანაც ერთი სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განთავსდა.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩი მეუღლესთან ერთად ურეკის სარეაბილიტაციო ცენტრსაც ეწვია, რომელიც 2014 წელს იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში აშენდა. ცენტრის დახმარებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია „გურია“, დღემდე წარმატებით აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდებას.
ელჩი იმამურა საქართველოს პარლამენტის წევრ, ნინო წილოსანთან ერთად, ოზურგეთში “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან” არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრებსაც შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა მიმოიხილა საქართველოს და იაპონიას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვა კულტურის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის კონკრეტულ პროექტებს.
ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია 2011 წელს იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ვიზიტის ბოლოს, ელჩმა მონაწილეობა მიიღო აგრო-ტურისტულ ფესტივალში „ჩაის გზა“. ფესტივალის ფარგლებში ელჩი შეხვდა ჩაის მცირე და საშუალო მეწარმეებს და დააგემოვნა მათ მიერ წარმოდგენილი ქართული ჩაი და სხვა ადგილობრივი პროდუქტები. ელჩმა სიტყვით მიმართა ფესტივალის სტუმრებს და ისაუბრა ჩაის მნიშვნელოვან როლზე, იაპონიის კულტურასა და ეკონომიკაში.