„იმ ხელშეკრულებებსა და რეკომენდაციებს მივყვებით, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გვქონდა. ვენეციის კომისიას სასამართლოზე რეკომენდაციები ჰქონდა, რომელთა რეალიზაციას პარლამენტი თანმიმდევრულად ახორციელებდა. ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შესრულებულია“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის ვალდებულებაა, რომ სასამართლო სისტემა არ გააჩეროს.
„19 აპრილის შეთანხმებაში ნათქვამი იყო, რომ უნდა დაპაუზდეს მოსამართლეთა არჩევა, რათა ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს მათთვის, ვისაც დამატებით სურდა მონაწილეობა და ნომინირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად. ჩვენ ეს პირობაც შევასრულეთ. პაუზა გამოცხადებული იყო და ვისაც კანდიდატობის სურვილი ჰქონდა, შესაძლებლობა მიეცა, ნომინირებული ყოფილიყო. თუ ამ რეკომენდაციების ჩამონათვალს გავყვებით, დავინახავთ, რომ ჩვენი დაწერილი და დაუწერელი ყველა პირობა შევასრულეთ და კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად ვიმოქმედეთ. მმართველი პარტიის ვალდებულებაა, რომ სასამართლო სისტემა არ გავაჩეროთ. უზენაეს სასამართლოში თითოეულ მოსამართლეზე 300-მდე საქმეა დაწერილი და ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდებოდა საქმეების განხილვა, რაც პირდაპირ აისახებოდა სასამართლოს მუშაობის ხარისხზე, მოქალაქეების ინტერესზე, დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები საქმეებზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციას უნდოდა კონსტიტუციური წესრიგის ბოლომდე დარღვევა, პარლამენტის, ხელისუფლების ჩამოშლა, რევოლუციური სცენარის გატარება, გამარჯვებული არჩევნების მოუხედავად, უმრავლესობა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო დათმობებზე წავიდა და შემოიღო ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, რაც აქამდე საქართველოს პოლიტიკას არ ჰქონია.
„თვითმმართველობის არჩევნებისთვის დათქმაც გავაკეთეთ, ეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ. არც ერთი ვალდებულება “ნაციონალურ მოძრაობას” არ შეუსრულებია და ახლა ვერ ვიქნებით მხოლოდ ყველა დათმობაზე, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ ჩვენი უფლება-მოვალეობები უნდა განვახორციელოთ. განვახორციელოთ კანონების, მოსახლეობის ინტერესებისა და საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს აღებული ვალდებულებების მიხედვით. იმ ვალდებულებაში რაც წერია, შევასრულეთ. არ ვამბობთ, რომ კრიტიკას არ ვიღებთ ან გვეშინია, გვექნება პარტნიორებთან დისკუსია ამ თემებზე. თუ საქართველოს ოკუპაციისა და შიდაპოლიტიკური რყევების პირობებში, რომელსაც ოპოზიცია დაუნდობლად ახორციელებს, ასევე იმ რეფორმების ფონზე სანქციები გვჭირდება, მაშინ ვფიქრობ, რომ არასწორი ანალიზი კეთდება. ოპოზიცია მხოლოდ არ არის გადაწყვეტილების მიღების წყარო და ამ თვალსაზრისით პარტნიორებთან გვექნება დისკუსია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.