გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის მარიო გომესის განცხადებით, ის თურქეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო სტამბოლის კლუბ „ბეშიქთაშს" ტოვებს. ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ „ბეშიქთაშის" დატოვება რთული გადაწყვეტილება იყო.
გომესმა „ბეშიქთაშსა" და კლუბის გულშემატკივრებს მოუწოდა, გაგებით მოეკიდონ მის გადაწყვეტილებას.
„ამის მიზეზი მხოლოდ პოლიტიკური ვითარებაა. ჩემი ეს ნაბიჯი არ გამოუწვევია სპორტულ ან რაიმე სხვა მიზეზებს. ერთადერთი მიზეზი ბოლო დღეებში მომხდარი საშინელი მოვლენებია", - განაცხადა გომესმა.