“ოპოზიცია უკვე აანონსებს აქციებს სახელისუფლებო ინსტიტუციების პიკეტირებით და არის შანსი, რომ ოქტომბრის მოახლოებული თვითმართველობის არჩევნები საერთოდ ჩაიშალოს”, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
“პრეცედენტების აჩრდილი
მართალია, შეიძლება მკაცრია და მიუღებელიც, აშშ ის და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერებული ლამის იმპერატიული
მოთხოვნა LGBT მოძრაობების უფლებების დაცვაზე, რასაც დაემატა სასამართლოს რეფორმა და მოსამართლეთა დანიშვნის მიზანშეწონილობა, მოძალადეების დასჯის კანონიერ მოთხოვნასთან ერთად, მაგრამ ვფიქრობ ეს არის ტესტი ხელისუფლებისადმი, და პირველ რიგში 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების გამოძიების სწრაფად საწარმოებლად.
შესაძლებელია თუ არა 1991 წლის ან თუნდაც 2003 წლის ანალოგის განმეორება? ჩვენ ხომ ისედაც ვხედავთ რევანშის წყურვილით აღტკინებულ ნაციონალებთან აფილირებულ ოპოფლანგს საბოტაჟის და დესტაბილიზაციის ნიშნებით?
გამსახურდიას ხელისუფლების დამხობამდე და სამხედრო გადატრიალებამდე, კრემლის მთავარი ამოცანა იყო, მისი როგორც ადამიანთა უფლებების დამცველის და ჰელსინკის ჯგუფის წევრის დისკრედიტაცია. ამავდროულად, დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებისათვის დაიწყო მასიური კამპანია ზვიადის ნაციონალისტობაზე და ეროვნული უმცირესობების შევიწროებაზე, რაც მთლიანად ჯდებოდა ელენე ბონერის საქართველოს მცირე იმპერიად მონათვლის ცილისმწამებლურ კონტექსტში. ნიშანდობლივია, რომ ამ პროპაგანდის ფერხულში არა კომუნისტური პარტია, არამედ ეროვნულები და გამსახურდიას ყოფილი თანამოაზრეები იყვნენ გამოყენებული. გავიხსენოთ პრაღის ცნობილი 24 რეზოლუცია გია ჭანტურიას აქტიური მონაწილეობით.
დღესაც სტრატეგიული ამოცანა იგივეა, ოცნების დისკრედიტაცია, პრაქტიკულად იგივე ინსტრუმენტებით-უმცირესობებზე ძალადობის ბრალდებით. მაქსიმალურად გააფუჭონ ხელისუფლების ურთიერთობა დასავლეთთან, წარმოაჩინონ ის პოლიტიკურ ჰომოფობად და რუსეთის მოკავშირედ, და ეს არის მთავარი ხაზი, რის შემდეგაც ადვილად მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება.
დღეს 1991 წელთან ანალოგის მოყვანა, ერთი შეხედვით არარელევანტურია, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ყავს საკუთარი ჯარი და სპეც სამსახურები, ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში შეუქცევად ხასიათს ატარებს, რუსეთის საელჩო საერთოდ აღარ არის ქვეყანაში. ერთი შეხედვით ანალოგიც ძნელად წარმოსადგენია, თუმცა პრეცედენტი ერთი ერთში არსად არ მეორდება და არც სამხედრო გადატრიალება იქნება და არც რუსული ინტერვენცია. ხელისუფლების ცვლილების სხვა ბერკეტებიც არსებობს და არაერთი.
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებისას და გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის პერიოდში, შევის აქ დაბრუნება ბევრს არარეალურად და სულაც ფანტასტიკის სფეროდ მიაჩნდა, განსაკუთრებით 9 აპრილს განვითარებული მოვლენებთან მისი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირის გამო.. შევი დაბრუნდა.
ისევე როგორც შევარდნაძე სსრკ საგარეო მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ბევრს არასწორედ პენსიონერად მიაჩნდა, არადა რეალურ პოლიტიკაში რჩებოდა, ანალოგიურად სააკაშვილიც დღემდე რჩება აქტიურ პოლიტიკაში, და არა თუ რჩება ფაქტიურად ის ადგენს და მართავს ოპოზიციის დღის წესრიგსაც მთლიანად.
არც შევისდროინდელი პარტნომენკლატურა წასულა სადმე, პირიქით დღევანდელ ბიზნეს ელიტის მნიშვნელოვან ნაწილს ისინი ან მათი მემკვიდრეები წარმოადგენენ. და არა თუ წარმოადგენენ არამედ მათი ნაწილი ოპოზიციაშია ან ოპოზიციას აფინანსებს.
ოპოზიცია კი უკვე აანონსებს აქციებს სახელისუფლებო ინსტიტუციების პიკეტირებით და არის შანსი, რომ ოქტომბრის მოახლოებული თვითმართველობის არჩევნები საერთოდ ჩაიშალოს.
არჩევანი ხელისუფლებაზეა, არც მოსამართლეთა დანიშვნის გადადებაა დილემა და არც 5-6 ივლისის მოვლენების სწრაფი და ობიექტური გამოძიება და ამ ძალადობის ორგანიზატორთა პასუხისგება.
საქართველო კი დგას მორიგ გზაგასაყარზე. ევროატლანტიკური კურსი, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, და დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრაცია, საერთო ეროვნულ კონსენსუს მოითხოვს, მთელ რიგ კულტუროლოგიურ ასპექტებზე და უმცირესობების უფლებების აღიარებაზე, მათ შორის”, - წერს ცუცქირიძე.