გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია. მისი თქმით, ფერმერებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება იზრდება.
„ჩვენს ფერმერებში ცოდნა და გამოცდილება გაიზარდა. ისინი თანამედროვე მიდგომებს იყენებენ. მარცვლოვანი კულტურების შემთხვევაში, მუდმივად მიმდინარეობს თესლბრუნვა და შესაბამისად, ზრუნავენ ნიადაგის ნაყოფიერებასა და პროდუქტიულობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია, კლიმატური პირობები იყო შესაბამისი, ვფიქრობ, წლევანდელი წელი ნორმალურად ჩაივლის. 2021 წელს, როგორც ხარისხი, ისე რაოდენობა, დამაკმაყოფილებელია. ჩვენ გავაგრძელებთ მემარცვლეობის დარგის, მათ შორის, მეხორბლეობის განვითარებაზე მუშაობას“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, სადაც ხორბლის აღების პროცესს - ალოობას დაესწრო.