შიდა ქართლის რეგიონში, ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ვალერიან მჭედლიძესთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, კომპანიის „სილქ უოთერ გრუპი“ ფართობზე ხორბლის აღების პროცესს - ალოობას დაესწრო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს საქართველოში მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით.
კომპანიას „სილქ უოთერ გრუპი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 120 ჰა-ზე ქართული ჯიშის „ლომთაგორა“ ხორბალს, 50 ჰა-ზე ქერს და 100 ფა ჰართობზე იონჯას აწარმოებს. დღეისათვის, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება აგროვადების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით, მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 95 ერთეული კომბაინი. აღნიშნული ტექნიკის საშუალებით, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ჯამში, 14 000 ჰა-მდე ფართობზე, მარცვლოვანი კულტურების მოსავალი უკვე აღებული და დაბინავებულია.