ირანელი კავკასიოლოგის, თავრიზის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენელის აჰმად ფარშბაფიანის განაცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ ნელ-ნელა დაიწყო ფეხზე დადგომა, მაგრამ მის განვითარებას ორი რამ უშლის ხელს: აშშ და რუსეთი.
სწორედ აშშ-ის გავლენას უკავშირებს ფარშბაფიანი საქართველოს მიერ 2013 წელს ირანისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. ასევე, აცხადებს, რომ სამი წლის წინ საქართველოსა და ირანს შორის უფრო ღრმა კავშირები იყო.
„აშშ ცდილობს, რომ საქართველოზე გავლენა მოიპოვოს, განვითარებაში დახმარებას ჰპირდება. მეორე მხრივ, იმავეს ცდილობს რუსეთიც და სწორედ ეს აფერხებს საქართველოს განვითარებას", - განაცხადა აჰმად ფარშბაფიანმა.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ამ ვითარებაში საქართველომ, იგი ირანის მაგალითზე მიუთითებს.
„აშშ ამბობს, რომ მას თითქოს ეშინია, რომ ირანი ატომურ ბომბს ქმნის. ეს ტყუილია. რეალურად კი მას აშინებს ირანის სამეცნიერო მიღწევები და განვითარება. ჩვენი სულიერი ლიდერის ჰომეინის დევიზი იყო - არც მარჯვნივ, არც მარცხნივ არამედ პირდაპირ, ანუ არც დასალეთი და არც აღმოსავლეთი, არამედ მხოლოდ ისლამური გზა. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, პირველ რიგში, მან უნდა გამოიყენოს საკუთარი ცოცხალი რესურსი, ეს არის განათლებული ახალგაზრდობა.
საქართველომ უნდა გაიგოს, რომ არც აშშ-დან, არც რუსეთიდან და არც ევროპიდან მისთვის ხეირი არ არის და უნდა ითანამშრომლოს ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოსგან სარგებელს არ მოელიან". ასეთი ქვეყნების რიგში ასახელებს ფარშბაფიანი ირანსაც.
„ჩვენი მესიჯი მსოფლიოსთვის ის არის, რომ ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. ყველა ქვეყნის სტუნდეტი, ახალგაზრდა, მასწავლებელი, პროფესიონალი მიხედავს საკუთარ სამშობლოს. ქვეყნები ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩაერიონ", - განაცხადა აჰმად ფარშბაფიანმა.