თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტვ პირველის“ ოპერატორზე, ლევან ბრეგვაძესა და მოქალაქეზე ძალადობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა კიდევ ორ პირს შეუფარდა.
ვ.ბ.-ს ბრალი ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე აქვს წარდგენილი. კიდევ ერთ დაკავებულს, დ.ქ.-ს კი, გამოძიება მოქალაქის, ნ.ზ.-ს მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვის და აზრის გამო დევნის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ედავება.
ვ.ბ.-სა და დ.ქ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალი 24 პირს წარედგინა.
ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 40-ზე მეტი პირი, მათ შორის, 36 ჟურნალისტი და ოპერატორი.