logo_geo
eng_logo
თამარ მეფის ჯვარი - უდიდესი სიწმინდე, რომელიც გია სალუქვაძეს მემკვიდრეობით ერგო
- +

21 ივლისი. 2016. 18:43


გურიაში ოზურგეთის დედათა მონასტერში ინახება თამარის ჯვარი, რომლითაც დედოფალი ომში მიმავალ ჯარს ლოცავდა. მასში მოთავსებულია იმ ძელის ნაწილი, რომელზეც იესო იყო მიმსჭვალული. ჯვარი მემკვიდრეობით ერგო გურიის დღევანდელ გუბერნატორს, გია სალუქვაძეს, რომელმაც სიწმინდე ეკლესიას დაუბრუნა. გია სალუქვაძე „palitraTV"-ს გადაცემაში „ლურჯი ვაშლი" ჰყვება ისტორიას, როგორ მოხვდა აღნიშნული სიწმინდე სალუქვაძეების ოჯახში და რა სასწაულების მოხდენა შეუძლია მას.



„ეს არის თამარ მეფის ჯვარი, რომელიც ჩემი დიდი ბაბუის, არსენ სალუქვაძის მიერ იქნა შემონახული. ის მსახურობდა აჭის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. ის იყო ბოლო დიაკვანი. 1900-იანი წლების დასაწყისში, როცა ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე გურიას რამდენიმეჯერ შემოესია თურქეთი, მან ამ ჯვრის გადარჩენის მიზნით გაიხადა თავისი შესამოსელი, ასე ვთქვათ, საერო პირად გადადგა და შეიცვალა საცხოვრებელი. ისინი ჩამოვიდნენ ბარში სოფელ აჭიდან და ანდერძით ეს ჯვარი გადაეცემოდა მის შთამომავალს. ანდერძში ეწერა, „უცხოს არ შეახედოთ", რომ განსაკუთრებით უნდა მოვფრთხილებოდით ამ ჯვარს და აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო ეკლესიის წიაღში. 2007 წელს დედა ალექსანდრამ - აჭის წმინდა გიორგის ეკლესიასთან არსებული დედათა მონასტრის წინამძღვარმა, ნახა ამ ჯვარზე წარწერა. ეს არის ძველქართული წარწერა იმის შესახებ, რომ „ეს ჯვარი ბეთანიასა შინა შეიქმნა თამარისათვის ლაშქრის სალოცად". მაშინ დედა ალექსანდრა დაინტერესდა და მოიპოვა წყაროები. დიმიტრი ბაქრაძეს, ექვთიმე თაყაიშვილს ჰქონდათ ჩანაწერები იმის შესახებ, რომ ჯვარი, ეს უდიდესი სიწმინდე, დაკარგული იყო ეკლესიის წიაღიდან.

 

 

როინიშვილი გახლდათ ფოტოგრაფი, რომელმაც 1898 წელს აღბეჭდა ეს ჯვარი აჭის ეკლესიაში და ის ზუსტად ასეთი ფორმით გადმოგვეცა ოჯახს. 100 წელიწადი ის ინახებოდა ჩვენს ოჯახში.

 

2010 წელს, როცა პატრიარქი იყო ჩამობრძანებული ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის გახსნაზე, მას მიუბრძანეს ეს ჯვარი. პატრიარქმა უფრო მეტი სიწმინდეც იგრძნო და აღმოჩნდა თვითონ ჯვარცმის ფერხთან შიგნით ძელიცხოვლისა, რომელიც თამარ მეფეს ჩატანებული ჰქონდა ამ ჯვარში. ის იყო ჩამობრძანებული იერუსალიმიდან და განთავსებული იყო ამ ჯვარში. ეს იყო გოლგოთაზე მაცხოვრის ჯვარცმის იმ ხის ფრაგმენტი, რომელიც ამჟამადაც ჩაბრძანებულია ამ ჯვარში. შემდგომში უკვე, მოხდა მისი ლუსკუმაში ჩაბრძანება და ამჟამად ასეთი სახით არის. პატრიარქის კურთხევით ჯვრის აღდგენა ძვირფასი ქვებით არ მომხდარა, ის ისევ ისეთ ფორმაშია, როგორიც თავდაპირველად ჩემს ოჯახს, ჩემს წინაპრებს გადმოეცათ.

 

 

ეს უდიდესი სიწმინდე სრულიად საქართველოსი და მთელი საქრისტიანოსი, ამჟამად ინახება და დაბრძანებულია გურიის ეპარქიაში. ძელიცხოვლისა ჩაბრძანებული იყო სამ ჯვარში. ერთი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაბრუნებულია და არის მუზეუმში, თამარის საკიდარი ჯვარი. და ორ ჯვარში, რომელთაგან ერთი ეს ჯვარია, და მესამე დაკარგულია.

 

მე ოთხი შვილი მყავს და იმ პერიოდში, სანამ ეს ჯვარი ჩვენთან სახლში ინახებოდა, როცა ბავშვები ცუდად გახდებოდნენ, ჩემი მეუღლე გამოაბრძანებდა ამ ჯვარს, პატარას მიუტანდა ახლოს და გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, ნამდვილად ის კარგად ხდებოდა. უზარმაზარი მადლი და ძალა, რომელიც ამ ჯვარში არის კონცეტრირებული სიწმინდეების მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან შველოდა", - ამბობს გია სალუქვაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner