ყოფილი პოლიტპატიმარი, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დაკავების დეტალებს იხსენებს. სალუქვაძის თქმით, მას საქმე შეუთითხნეს და წელიწადი და 8 თვე ტყუილად გაატარა ციხეში. მისი სურვილია, რომ ბოლო მოეღოს იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რასაც სააკაშვილი დღესაც აკეთებს.
„26 მაისს დაღუპული ნიკა კვინტრაძის დაკრძალვაზე ვიყავი, შინ ჩემმა მეგობარმა და ბავშვის ნათლიამ ირაკლი ბათიაშვილმა მიმიყვანა. სადარბაზოში შესვლისთანავე თავს დამესხნენ და გამიტაცეს. მოითხოვეს, მეთქვა, თითქოს ბათიაშვილსა და „სახალხო კრებას" რუსეთი აფინანსებდა. ვთქვი, რაც არ ყოფილა, ვერ დავაბრალებ-მეთქი. მაშინ ასე თქვი, ბადრი ბიწაძემ დამავალაო და ესეც არ გაუვიდათ. ამიტომაც შემითითხნეს საქმე სასაცილო ბრალდებით, თითქოს პოლიციელებს თავს დავესხი და ერთ-ერთს ჟილეტის ჯიბე ჩამოვახიე, ასე 21 სანტიმეტრზე. იცით,ყველაზე კურიოზული რა იყო? 26 მაისს დაკავებულ მონაწილეთაგან 9 მათგანს ზუსტად იგივე ბრალდება ჰქონდა, - ყველას ეწერა, რომ პოლიციელს ჟილეტი ჩამოახია, აუცილებლად მარჯვენა მხარეს და უსათუოდ 21 სანტიმეტრზე. ასეთი შეკერილი საქმეების შემდეგ ავადმყოფი ფსიქიკის პრეზიდენტი გაიძახის, რომ თურმე 200 პოლიტიკოსიც არ გვყავს, არათუ პოლიტპატიმარი. ჯერ ერთი, პოლიტპატიმრობა აუცილებლად პოლიტიკოსობას არ ნიშნავს და მეორეც, თავად სააკაშვილმა აქცია ყველა პოლიტპატიმრად. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ამჟამინდელი სტატუსი არ არის იურიდიული, ეს პარლამენტის შეფასებაა. ნოემბერში განცხადება შევიტანე პროკურატურაში და მოვითხოვე, პასუხისგებაში მისცენ ცრუმოწმეები, ცრუდაზარალებულები, პროკურორი და მოსამართლე, რომლებმაც ტყუილად გამატარებინეს წელიწადი და 8 თვე ციხეში. ამით ვინმეზე შურისძიება კი არ მინდა, არამედ ის, რომ დაასახელონ შემკვეთები და ბოლო მოეღოს იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომლებსაც სააკაშვილი დღესაც აკეთებს", - ამბობს გია სალუქვაძე.
26 მაისის მოვლენების დროს, გია სალუქვაძე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს. ის „სახალხო კრების" აქტიური წევრი იყო. პარლამენტის დადგენილებით, გია სალუქვაძე პოლიტპატიმრად გამოცხადდა და ძველით ახალ წელს ოჯახს დაუბრუნდა.