logo_geo
eng_logo
გია სალუქვაძე: არც საწოლი მქონდა, არც ტუალეტი, არც წყალი...
- +

21 ივლისი. 2016. 18:53


ყოფილი პოლიტპატიმარი, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს. ის „სახალხო კრების" აქტიური წევრი იყო. პარლამენტის დადგენილებით გია სალუქვაძე პოლიტპატიმრად გამოცხადდა და ძველით ახალ წელს ოჯახს დაუბრუნდა. სალუქვაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ციხეში ყოფნის პერიოდსა და იმ პირობებს იხსენებს, რა პირობებშიც მას უწევდა ყოფნა.


 

 

როცა ციხეში მიმიყვანეს, ე. წ. ფუქსებში ჩამიყვანეს. ფუქსი ბეტონის იატაკია, 70 სანტიმეტრი - სიგანე, მეტრ-ნახევარი კი სიგრძე აქვს და იქ დამაწვინეს. ე. ი. არც საწოლი მქონდა, არც ტუალეტი, არც წყალი. პატარა პლასტმასის ჯამი მედო წინ, საიდანაც სამ კაცს უნდა გვეჭამა. ამის გამო უარი ვთქვით კვებაზე და მხოლოდ პურის ქერქს ვჯერდებოდით. მახსოვს, ჩემთან ერთად იყო ერთი გალელი კაცი, რომელიც ტერორისტული აქტისთვის გაასამართლეს, თუმცა იმ დროს, როცა აქტი უნდა მოწყობილიყო, აფხაზეთში, ციხეში იჯდა. ყველა ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული. ერთი ბიჭი იყო კიდევ, 22 წლის, რომელსაც რეჟიმის უფროსმა, ოლეგ ფაცაციამ შეაგინა და იმანაც გინებით უპასუხა, დაესივნენ და მოკლეს! ჯერ ეგონათ, გრძნობადაკარგულიაო, მერე, რომ ვერ გამოაფხიზლეს, ციხის თანამშრომელმა დაიყვირა, მკვდარიაო! ეს კოშმარი ჩემი თვალით ვნახე. ერთ-ერთ პატიმარს კი უბრძანეს, პირი დააღეო და ჩააფურთხეს, იმან ხელი მოუქნია ამის გამკეთებელს, ამის გამო ხელი მოამტვრიეს, მერე თვალიც ამოთხარეს.

 

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან მე-9-ში რომ გადამიყვანეს,  მეგონა, ყველაფერი უკან დამრჩა-მეთქი, მაგრამ იქ უარესი საშინელება დამხვდა. გლდანში სისუფთავე მაინც იყო, ექვსკაციანი საკანი გვქონდა,  მე-9 დაწესებულებაში კი 1 200 კაცი იყო. 

 

პატიმრები ფეხზე ვიდექით და მორიგეობით გვეძინა. ჩემი რიგი რომ დგებოდა, მაინც ვერ ვიძინებდი. ბაღლინჯოები სისხლს გვწოვდნენ. ამდენ პატიმარს მხოლოდ 7 ტუალეტი ემსახურებოდა, დანარჩენი გაუქმებული იყო. 1 200 კაცს 190-კაციან სასადილოში უნდა ეჭამა, თანაც ზუსტად ერთი საათის განმავლობაში,  ამიტომ ბევრი იძულებული იყო, ბალანდა ბარაკში  წაეღო. ამიტომაც გვქონდა ტარაკნებისა და ვირთხების შემოსევა.

 

ზამთარში, ნახევრად შიშვლები,  გაყინულ სარდაფში ჩავყავდით და იქ რამდენიმე საათი გვაყენებდნენ. თუ ბედუკაძის მორიგეობა იყო, მას მალევე ამოვყავდით სარდაფიდან.

პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ პირებს არ გვცემდნენ, რათა მერე რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას არ აღმოეჩინა ჩვენს სხეულებზე დაზიანებები.

 

ჩვენთვის განკუთვნილ ბარათებზე " ასო ეწერა, რაც ჩემი აზრით, პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულს ნიშნავდა. არა, ეს აღიარება არ იყო, უბრალოდ, ადმინისტრაცია ცდილობდა, ჩვენს გამორჩევას სხვებისგან.

 

ერთადერთი შვება პატიმრებისთვის პატარა სამლოცველო იყო. დირექციის მითითებით ბოთლი და ორი ერთმანეთის მსგავსი ნივთი არ უნდა ყოფილიყო საკანში.

 

ერთხელ შემოვიდა სადისტი ზაზაძე, რომელმაც ლოცვანი და ფსალმუნი ერთმანეთის მსგავს ნივთად მიიჩნია, ერთ-ერთს ხელი წამოავლო და გადააგდო. ათ საათზე შუქი აუცილებლად უნდა ჩაგვექრო. ცხადია, სიბნელეში ვერც ღამის ლოცვებს ვკითხულობდით", - ამბობს გია სალუქვაძე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner