„პერფომანსი, რომელიც სრულიად უწყინარი, ლეგიტიმურია, რომ ჩატარებულიყო რამდენიმე წუთით და ის ალიაქოთი არ აგეტეხათ, სხდომა მშვიდად გაგრძელდებოდა“, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ, უმრავლსეობის დეპუტატებს მას შემდეგ, რაც პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
მისივე თქმით, პარლამენტში საუბარი ლეგიტიმურია.
„გარდა ამისა, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატი საუბრობს, თქვენი მხრიდან კონსტრუქციულია მაგიდაზე ბრახუნი და ამით ოპოზიციონერის გაჩერება, მაშინ როდესაც პარლამენტში საუბარი ძალიან ლეგიტიმურია. გასაგებია, რომ პერფომანსისაც, საუბრისაც გეშინიათ. იქნებ გვითხრათ, რისი არ გეშინიათ“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
აღნიშნული განცხადების გამო ნატო ჩხეიძეს უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ როდესაც ჟურნალისტი, კონკრეტული ან რამდენიმე ადამიანი ჩართულია პოლიტიკურ აქტივობაში, სხდომა არ უნდა გაგრძელდეს. მდინარაძის თქმით, განსაკუთრებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გარდაცვლილ ადამიანებზე სპეკულაციას თავი უნდა დაანებოს.
„ქალბატონო ნატო, ბოლოს კრემლში რომ ბრძანდებოდით, იქ იქნებოდა ბევრი უშიშარი ხალხი და ალბათ, იმათ ფონზე არ მოგწონვართ. ძალიან მიმძიმს ამ სიტყვების თქმა, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი კონკრეტულ ადგილზე დგას იმის გასაშუქებლად, რაც ხდება, ის ამავდროულად არის ჩართული პოლიტიკურ აქტივობაში. რაღაცა ფორმალურ მხარესაც კი ამ შეთხვევაში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უნდა მივაქციოთ ყურადღება. როდესაც ჟურნალისტი, კონკრეტული ან რამდენიმე ადამიანი ჩართულია პოლიტიკურ აქტივობაში, თანაც ძალიან ამორალურ პოლიტიკურ აქტივობაში, ვიდრე არ მორჩება, ჩვენი აზრით, სხდომა არ უნდა გაგრძელდეს. განსაკუთრებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გარდაცვლილ ადამიანებზე სპეკულაციას თავი უნდა დაანებოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.
გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება არაერთხელ გამოაცხადა.